LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიგეთ, რა შემთხვევაში მიიღებთ კომპენსაციას, თუ თვითდასაქმებული ხართ

403
shutterstock-1561992691-1

დღეს ცნობილი გახდა, თუ რა შემთხვევაში მიიღებს თვითდასაქმებული ერთჯერად კომპენსაციას. საკითხზე განმარტება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, ასეთი პირები შეიძლება დაიყოს ორ კატეგორიად – ფიზიკური პირები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან შემოსავლების სამსახურში რაიმე ფორმით გადამხდელად და პირები, რომლებიც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას, ჰქონდათ შემოსავალი, თუმცა, არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში და არ ჩანს მათი ეკონომიკური აქტივობა.

„მაისიდან იწყება ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გაწევა თვითდასაქმებულებისთვის. შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულ თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის მისაღებად არ იქნება საჭირო არანაირი დამატებითი ინფორმაციის, მტკიცებულების წარმოდგენა შემოსავლის წყაროს შესახებ. ამ ეტაპზე ჩვენ მიერ უკვე იდენტიფიცირებულია 150 ათასამდე თვითდასაქმებული, რომელსაც არ დასჭირდება არანაირი შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა და ეს იდენტიფიკაციის კრიტერიუმები არის საკმაოდ ცხადი. რეგისტრირებული თვითდასაქმებულები კიდევ იყოფიან კატეგორიებად იმის მიხედვით, თუ რა საგადასახადო სტატუსი გააჩნიათ მათ შემოსავლების სამსახურში,” – განაცხადა ხუციშვილმა და დასძინა, რომ რეგისტრირებული თვითდასაქმებულებად ითვლება მათ შორის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები და ასევე, ბაზრობის ტერიტორიაზე დასაქმებული მეწარმე ფიზიკური პირები.

როგორც ხუციშვილი ამბობს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირების იდენტიფიკაცია ხდება მათ მიერ 2020 წლის პირველ კვარტალში წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით, ასევე, საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენებით, ჩეკების მიხედვით. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირს, ერთხელ მაინც აქვს წარდგენილი 2020 წლის პირველ კვარტალში დეკლარაცია ან ამავე პერიოდში, ერთხელ მაინც თუ აქვს გამოყენებული საკონტროლო სალარო აპარატი და ამორტყმული აქვს საკონტროლო სალარო აპარატის ჩეკი, მას შეეძლება მიიღოს ერთჯერადი კომპენსაცია.

„ასევე, მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც დასაქმებულები არიან ბაზრობის ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაშიც განმსაზღვრელი იქნება კრიტერიუმად დეკლარაცია. თუ მათ ერთხელ მაინც აქვთ ჩაბარებული დეკლარაცია 2020 წლის პირველ კვარტალში ან ერთხელ მაინც თუ აქვთ გამოყენებული საკონტროლო სალარო აპარატი.  გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურში იგზავნება ბაზრობის ორგანიზატორებისგან შესაბამისი სიები და ესეთი პირი თუ დაფიქსირებული იქნება ამ სიაში, მას შეეძლება მიიღოს შესაბამისი კომპენსაცია. ამ შემთხვევაში საუბარია ამ იდენტიფიცრების საშუალებიდან ერთ-ერთს მაინც თუ აკმაყოფილებს პირი, მას შეუძლია დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე მიიღოს შესაბამისი კომპენსაცია“, – განმარტავს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გააკეთონ კომპენსაციის მისაღებად იმ თვითდასაქმებულებმა, რომლებიც შემოსავლების სამსახურში დარეგისტრირებულები არ არიან, ლაშა ხუციშვილის თქმით, ასეთმა პირებმა ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე www.moh.gov.ge უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და წარდგინონ შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი.

ცნობისთვის, თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მოცულობა განსაზღვრულია ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით. ფიზიკურმა პირმა კომპენსაციის მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე უნდა წარადგინოს შესაბამისი მოთხოვნა არაუგვიანეს 2020 წლის 1 ივლისისა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g