LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიზრდება თუ არა პურის ფასი – “პურის მცხობელთა ასოციაციის” პასუხი

157
bread

„პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარის განცხადებით, ამ ეტაპზე პურის გაძვირების მოლოდინი არ არსებობს. როგორც მალხაზ დოლიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, არსებული მდგომარეობა იძლევა საფუძველს, რომ პურის ფასი არ გაიზარდოს.

„დღეს ხვალ და რამდენიმე თვე სტაბილური მდგომარეობა იქნება და პურის გაძვირების მოლოდინი არ გვაქვს. გასულ წელს თუ შევადარებთ, წელს მდგომარეობა ბევრად უკეთესია, რადგან ხორბლის მომარაგების და ადგილზე წარმოების მხრივაც ნორმალური მდგომარეობაა. სურსათის უსაფრთხოების თვალსაზრისით, ქვეყანას 3-4 თვის მარაგი აქვს. წისქვილების უმეტესობა არ მუშაობს, რადგან რუსეთიდან კვლავ შემოდის დაბალი ფასის ფქვილი და მეწარმეები ყოველთვის დაბალფასიან ნედლეულს ეძებენ.

თუ გასული წლის ფასს შევადარებთ, 1 ტომარა ფქვილის ფასი დაახლოებით 70.5 ლარი იყო, დღევანდელი ფასით ქართული წისქვილის წარმოებული ფქვილის ღირებულება 60 ლარამდეა“, – აღნიშნა ასოციაციის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მალხაზ დოლიძის თქმით, პანდემიის შემდეგ პურის მწარმოებლებისთვის პურის წარმოება შეფუთვის ვალდებულების გამო გაზრდილია, მაღაზიებში კი პური მაღალი ფასნამატით იყიდება.

„ყოველთვის არის შეკითხვები ფასთან დაკავშირებით. მე მინდა იცოდეთ, რომ ფასი არ შეიძლება ვიანგარიშოთ, საბაჟოზე დაფიქსირებული ფასით. ამას ემატება მოგება და სატრანსპორტო ხარჯი. ეს ხალხი ქველმოქმედები ხომ არ არიან, ზუსტად იგივე ფასად რომ მოგვიტანონ? მათაც თავისი ეკონომიკური ინტერესები აქვთ.

მინდა იცოდეთ ისიც, რომ სულ სხვაა ფასი, რომლითაც წარმოებას მიაქვს მაღაზიაში და სულ სხვა არის მაღაზიის ფასი. მინდა ყურადღება გამახვილდეს ამაზეც. ყველა მაღაზიას თავისი მოგების მარჟა აქვს. ადრე, არსებობდა წესი, რომ მაღაზიის მოგების მარჟა 5% იყო, დღეს კი ხშირად 30 ან 50 თეთრამდე ემატება.

ჩვენგან გასაცემი ფასები საშუალოდ 500-გრამიან პურზე 85 თეთრიდან 1.20-მდეა. შემდეგი ფასები კი, რასაც მომხმარებლები ხედავენ, მაღაზიის ფასნამატია“, – განაცხადა დოლიძემ მედიაჰოლდინგ ,,კვირას“ პრესკლუბში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g