LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გახარიასა და „ლელოს“ ურთიერთსიმპათიები პოლიტიკური უპასუხისმგებლობის ყველაზე ამორალური აქტია, რადგან გვახსოვს, ეს ადამიანები ერთმანეთს როგორი ეპითეტებით ამკობდნენ“ – რატი იონათამიშვილი

190
რატი იონათამიშვილი

„სინამდვილეში, გახარიასა და „ლელოს“ ურთიერთსიმპათიები პოლიტიკური უპასუხისმგებლობის ყველაზე ამორალური აქტია“ – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებაზე, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან შესაძლო თანამშრომლობის შესახებ, სადაც მან პარტია „ლელოსთან“ სამომავლო თანამშრომლობა არ გამორიცხა.

იონათამიშვილის განცხადებით, გვახსოვს ეს ადამიანები ერთმანეთს როგორი ეპითეტებით ამკობდნენ.

„გახარია თაღლითებს ეძახდა, ისინი თვალთხარიას. როგორც ჩანს, დღეს ერთმანეთზე მზე და მთვარე ამოსდით. აქედან ჩანს, საპარლამენტო მანდატებისთვის, რა დონეზე შეიძლება, დაეცეს ადამიანი და ფსკერზე აღმოჩნდეს. არავის გაუკვირდეს, რომ ასეთ ადამიანებს მინიმალური მხარდაჭერაც არ ჰქონდეთ, რადგან მათთვის პრინციპები არ არსებობს“- განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან შესაძლო თანამშრომლობაზე, მან პარტია „ლელოსთან“ სამომავლო თანამშრომლობა არ გამორიცხა:

„ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა პოლიტიკური ძალიდან, რომელიც დღეს საქართველოს პოლიტიკურ ველზე არსებობს, ჩვენთვის ყველაზე ახლო „ლელოა“. მათ მაგივრად გადაწყვეტილებას მე ხომ ვერ მივიღებ. გაერთიანებამდე სანამ მიხვალ, ელემენტარული თანამშრომლობა ხომ უნდა იყოს. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვესმის, რომ ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. არჩევნებს თავი რომ დავანებოთ, ქვეყნის ევროპული მომავალი არის დასაცავი. დიდ გლობალურ გაერთიანებაზე რომ საუბრობენ, ერთიან სიებზე და ა.შ, ეს ჩემს ღიმილს იწვევს ხოლმე. გუშინ დაშლილი პარტიები ვერ ნახულობენ ერთმანეთთან საერთო ენას, მერე იქიდან რაღაც კითხვებს ან პრეტენზიებს მე რომ მისვამენ, ამაზე ღიმილის მეტს ვერაფერს ვპასუხობ“ – განაცხადა გახარიამ.

magti 5g