გამოცდილმა მოგზაურმა ტურიზმისთვის საუკეთესო ქვეყნად ესპანეთი დაასახელა. თავისი ტოპ-სია, გამორჩეული მიმართულებებით მან Business Insider-ს გაუმხილა.
ლატიფა ალ-ჰაზა აღნიშნავს, რომ მას არ გასჭირვებია თავისი პირადი რეიტინგის ლიდერის დასახელება. ესპანეთში ქალს ყველაზე მეტად – ისტორიული ღირსშესანიშნაობები, საკვები, შოპინგი, ასევე მადრიდისა და ბარსელონას ღამის ცხოვრება ხიბლავს.
ტურისტმა მეორე ადგილი კვიპროსს დაუთმო და მკითხველებს კუნძულზე მანქანით გასეირნება ურჩია. ხოლო მესამე პოზიცია იტალიას ხვდა წილად.
„ათობით წელი არ მეყოფა ალბათ, რომ იტალიის სილამაზეები ბოლომდე შევისწავლო“, – ფიქრობს ალ-ჰაზა.
გამორჩეული ტურისტული დანიშნულებების სიაში მოხვდა ასევე – საბერძნეთი, ვიეტნამი, პორტუგალია, მაროკო, ინდონეზია, ეკვადორი, კოლუმბია, სამხრეთ აფრიკა, ფინეთი, საქართველო, ტაილანდი, პერუ, ომანი, ისლანდია, ნიკარაგუა, თურქეთი, კოსტა-რიკა, ინდოეთი, მექსიკა, ტანზანია, უზბეკეთი, კენია, შვეიცარია, საფრანგეთი, კატარი, მალტა, ნიდერლანდები, მალაიზია, ქუვეითი, ტაჯიკეთი, ტუნისი, სინგაპური, დომინიკელთა რესპუბლიკა, ეგვიპტე, ავსტრია, სომხეთი, სალვადორი, ჩინეთი, საუდის არაბეთი, სენეგალი, აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი და გერმანია.
საქართველომ მოგზაური სასიამოვნოდ გაოცებული დატოვა, რადგან ჩვენი ქვეყნის შესახებ მას ბევრი არაფერი სმენია. ტურისტს განსაკუთრებით მოეწონა საქართველოს რეგიონები, რომლებსაც ყველა გემოვნების ადამიანის მოხიბვლა შეუძლიათ.
თბილისში ქალაქური ცხოვრების ნახვაა შესაძლებელი, მცხეთაში ჯვრის მონასტრის დათვალიერება, ვარძია ქვაში ნაკვეთი მონასტრებითაა გამორჩეული, სვანეთი კავკასიონის ხედებით, ხოლო ისტორიული მეღვინეობის შესახებ მეტის გაგება სიღნაღში შეიძლება.