გამოძიება მუშაობს იმ ვერსიაზეც, ხომ არ არიან ავალიანის საქმეზე ბრალდებულები ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები, – აღნიშნულის შესახებ, მოკლული პედაგოგის, გიგა ავალიანის საქმის პროკურორის „რადიო თავისუფლებასთან“ განცხადებიდან ირკვევა.
პროკურორი ასევე აცხადებს, რომ იმ პირებს, – ვისზე თავდასხმების გამოც ახალი ბრალი წაუყენეს ავალიანის საქმეზე ბრალდებულებს, – ინციდენტების შემდეგ სამართალდამცავებისთვის არ მიუმართავთ.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.
„ცალსახად შემიძლია გიპასუხოთ, რომ ის ბრალდებულები, რომელთა სხდომაზეც დღეს ვიმყოფებოდით, ნამდვილად მონაწილეობდნენ კარგად ჩამოყალიბებულ, ორგანიზებულ, ძალადობრივ ჯგუფებში, თუმცა მათ რამდენად აქვთ კავშირი ე.წ. ნეონაცისტურ ორგანიზაციებთან და რამდენად გააჩნიათ საკუთარი სიმბოლიკა და იდეოლოგია, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ისევ გამოძიება და შესაძლებელია ახალი დეტალები დადგინდეს“, – საუბრობს ქეთი სონიძე „რადიო თავისუფლებასთან“.
კითხვაზე, მიმართეს თუ არა ახლად გამოვლენილ საქმეებში დაზარალებულმა პირებმა სამართალდამცავებს 2025 წელს მომხდარ ოთხ სხვადასხვა ინციდენტთან დაკავშირებით, – პროკურორმა განაცხადა:
„არავის მხრიდან არ ყოფილა მომართვა. რომ ყოფილიყო, ამას მიეცემოდა სათანადო სამართლებრივი რეაგირება. სამწუხაროდ, არავის მოუმართავს მსგავს ძალადობასთან დაკავშირებით, თორემ შესაძლოა, ამ შედეგების წინაშე არ აღმოვჩენილიყავით“, – განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ 10 თებერვალს განაცხადა, რომ გიგა ავალიანის საქმეზე სამივე ბრალდებული 2025 წელს თბილისში, დიდ დიღომში მომხდარი ჯგუფური ძალადობის კიდევ ოთხ ეპიზოდში მონაწილეობდა.
გამოძიების ვერსიით, ისინი წინასწარ შერჩეულ ადამიანებს სოციალური ქსელით, გოგონების სახელით, შეხვედრაზე იტყუებდნენ, თავს ესხმოდნენ, სცემდნენ და ძალადობის ვიდეოებს თავად იღებდნენ და ავრცელებდნენ.
ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა.
არსებული ცნობებით, საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. დ.ჩ.-ს გამოძიება ახლა ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად. ამასთან, ა.ნ.-ს პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, რაც უფრო მძიმე მუხლია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან 7 წლამდე.
