ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 44% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 25% ფიქრობს, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 22% ამბობს, რომ მისი აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება.
მოქალაქეებს სურთ, რომ პარლამენტმა, პირველ რიგში, ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს. მოსახლეობის უმრავლესობას (54%) არ სჯერა, რომ პარლამენტი მათნაირი ადამიანების აზრს ითვალისწინებს და მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრები მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავენ (55%).
ცნობისთვის, NDI-ის კვლევები დღეს გამოქვეყნდა, საველე სამუშაოები ჩატარებულია 17-24 თებერვალს. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
