LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოკითხულთა 77.4% ოჯახის წევრი 6-17 წლის ასაკის ბავშვისთვის დისტანციური სწავლების შეთავაზებული მეთოდებით კმაყოფილია: საქსტატი

56
დისტანციური სწავლება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის თანახმად, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალ-მარტის პერიოდს მოიცავს, ბავშვთა ადრეულ განვითარებასა და დისტანციურ სწავლებაზე „კოვიდ-19“-ის გავლენა შეფასდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2-5 წლის ასაკის ბავშვებთან ერთად შინამეურნეობის ზრდასრული წევრები გამოკითხვამდე, ბოლო სამი დღის განმავლობაში, ჩართული იყვნენ აქტივობებში, რომლებიც ბავშვის განათლებას და სკოლისთვის მზაობას ხელს უწყობს.

საქსტატის ცნობით, ასეთ აქტივობებს შორის ყველაზე გავრცელებულია ნივთების დასახელება, დათვლა ან ხატვა (99.3%), თამაში (99.2%), ილუსტრირებული წიგნების წაკითხვა ან დათვალიერება (94.1%), ზღაპრების მოყოლა (91.7%), გარეთ სასეირნოდ გაყვანა (91.5%), სიმღერა (79.3%).

საქსტატის ინფორმაციით, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 6-17 წლის ასაკის ბავშვების პროცენტული წილი, რომლებიც დადიოდნენ ზოგად საგანმანათლებლო ან სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში ან ესწრებოდნენ სასწავლო პროცესს დისტანციურად, 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისიდან მოყოლებული და გამოკითხვამდე გასული შვიდი დღის განმავლობაში ესწრებოდნენ სასწავლო პროცესს მხოლოდ საკლასო ოთახში, შეადგენს 78.7 პროცენტს.

მათი პროცენტული მაჩვენებელი, ვინც სასწავლო პროცესს მხოლოდ დისტანციურად ესწრებოდა 11.2 პროცენტია, კომბინირებულად ესწრებოდა ბავშვების 8.7 პროცენტი, ხოლო გამოკითხვამდე გასული შვიდი დღის განმავლობაში სასწავლო პროცესს არ ესწრებოდა 1.4 პროცენტი.

საქსტატის ცნობით, აღსანიშნავია, რომ საქალაქო ტიპის დასახლებებში უფრო მეტად გავრცელებულია სწავლების დისტანციური ფორმა სასოფლო ტიპის დასახლებებთან შედარებით (შესაბამისად 16.5% და 3.0%).

საკლასო ოთახში სწავლების ფორმის უფრო მაღალი მაჩვენებელი კი ფიქსირდება სასოფლო ტიპის დასახლებებში, საქალაქო ტიპის დასახლებებთან შედარებით (შესაბამისად 94.3% და 68.6%).

ამასთან, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 96.0 პროცენტით განისაზღვრა 6-17 წლის ასაკის ბავშვების წილი, რომლებიც გამოკითხვამდე გასული 7 დღის განმავლობაში ესწრებოდნენ ონლაინ გაკვეთილებს, 3.5 პროცენტი კი არ ესწრებოდა ონლაინ გაკვეთილებს, მაგრამ ჰქონდათ ინტერნეტთან წვდომა.

გამოკვლევის შედეგებით, რესპონდენტების 77.4 პროცენტი კმაყოფილია შინამეურნეობის წევრი 6-17 წლის ასაკის ბავშვისთვის დისტანციური სწავლების შეთავაზებული მეთოდებით.

ორგანიზაციის ცნობით,  აღნიშნული მაჩვენებელი დასახლების ტიპის მიხედვით უფრო მაღალია ქალაქის ტიპის დასახლებებისათვის, სქესის მიხედვით – იმ რესპონდენტებისათვის, რომლებმაც შეაფასეს შინამეურნეობის წევრი 6-17 წლის ასაკის ბიჭის დისტანციური სწავლება, ხოლო ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით – იმ რესპონდენტებისთვის, რომლებმაც შეაფასეს შინამეურნეობის წევრი 6-11 წლის ასაკის ბავშვის დისტანციური სწავლება.

გამოკვლევის თანახმად, რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ შინამეურნეობის წევრი 6-17 წლის ასაკის ბავშვისთვის სასურველი სწავლების ფორმა არის სასწავლო ოთახში სწავლება (95.8%), სწავლების დისტანციურ ფორმას უპირატესობას ანიჭებს მხოლოდ 1.5 პროცენტი, ხოლო 2.7 პროცენტს ურჩევნია კომბინირებული სწავლება.

magti 5g