თევზჭერის ლიცენზირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებამდე, გარემოს დაცვის სამინისტრო კონსულტაციებს ატარებს.
როგორც „ფორტუნას“ გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განუცხადა, საკითხზე მუშაობა მიმდინარებს როგორც სამინისტროს შიგნით, ასევე სხვა სამინისტროებთან ერთად, მთავრობის ეკონომიკურ გუნდში, ლიცენზიანტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, რომ ეს უფლება დადგენილი წესით შეიძინონ.
„ამ პროცესში ჩვენ ვმუშაობთ კონკრეტულ პირობებზე. მთავრი პრინციპი არის ის, რომ შეიქმნას საქართველოში დამატებითი ღირებულებების ჯაჭვი. ანუ მხოლოდ თევზის პირველადი მოპოვებით არ ვიყოთ დაკავებული ქვეყანაში, არამედ გადამუშავებაც წახალისდეს. შესაბამისად, გადამუშავება წაახალისებს თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანას. ეს ხელს შეუწყობს სასურსათო უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ახალი პროფესიების გაჩენას და ასევე, იმ ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომელიც თევზჭერისთვის არის საჭირო,“ – განუცხადა „ფორტუნას“ აგულაშვილმა.
რაც შეეხება ლიცენზირების მიღების ვადებს, გარემოს დაცვის მინისტრის თქმით, ეს უახლოეს მომავალში, კონსულტაციების დასრულების შემდეგ დაზუსტდება.