ზაფხულის აქტიურ ტურისტულ სეზონზე Le Meridien Batumi 100%-იანი დატვირთულობით მუშაობს. სასტუმროს სტუმრების 60%-ს უცხოელი ვიზიტორები შეადგენენ და როგორც Le Meridien Batumi-ს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კატია აბსანძე ამბობს, ქვეყანაში გართულებული ეპიდვითარების ფონზეც კი ჯავშნების გაუქმება დღეისათვის არ ფიქსირდება.
„ამ ეტაპზე, ცვლილებები არ გვაქვს და ჯავშნები არ გაუქმებულა. ზაფხულის ტურისტული სეზონი ჯავშნების მხრივ საკმაოდ დატვირთული გვქონდა და გვაქვს კიდევაც. მას შემდეგ რაც ისრაელის მთავრობის მხრიდან საქართველოს „წითელი” ქვეყნების სიაში გადაყვანა დაანონსდა, სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება (გამონაკლისი შემთხვევების გარდა), ჯერჯერობით ეს ჩვენს ჯავშნებზე არ ასახულა, თუმცა, ცხადია, ცვლილებებს ველოდებით“, – აცხადებს კატია აბსანძე.
მაღალ დატვირთულობაზე საუბრობენ კახეთშიც. Lopota Lake Resort & Spa-ს გენერალური მენეჯერი მაკა ღლიღვაშვილი აცხადებს, რომ 232 ნომრიანი სასტუმრო 80%-ითაა დატვირთული, რაც ამ სეგმენტის სასტუმროსთვის კარგი მაჩვენებელია.
„სტუმრების რაოდენობის მხრივ 2019 წლის ივლისის მაჩვენებელს გადავაჭარბეთ კიდეც. რაც შეეხება ჯავშნების გაუქმებებს, ეპიდვითარებიდან გამომდინარე ნაკლებად შეინიშნება. ამ ეტაპზე ერთადერთი ბაზარი, რომელიც იკეტება არის ისრაელი და ისრაელის წილი ჩვენთან მაღალი არ იყო”, – ამბობს Lopota Lake Resort & Spa-ს გენერალური მენეჯერი.