LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,გაუმჭვირვალობა არ არის ერთადერთი პრობლემა, NED-ი და EED-ი საქართველოში, არაპირდაპირ, პოლიტიკურ პარტიებსაც აფინანსებენ, ქართული კანონმდებლობა ცალსახად კრძალავს პოლიტიკოსების უცხოეთიდან დაფინანსებას” – პაპუაშვილი

137
შალვა პაპუაშვილი საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე

გაუმჭვირვალობა არ არის ერთადერთი პრობლემა, NED-ი და EED-ი საქართველოში, არაპირდაპირ, პოლიტიკურ პარტიებსაც აფინანსებენ, ქართული კანონმდებლობა ცალსახად კრძალავს პოლიტიკოსების უცხოეთიდან დაფინანსებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, NED-სა და EED-ის დაფინანსება საქართველოში პრობლემურია, რადგან გაუმჭვირვალეა. მისი თქმით, ისინი, ასევე, აღიარებენ, რომ ზოგიერთი გრანტი პრობლემურია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართ ერთგულების კონტექსტშიც.

„მას შემდეგ, რამდენჯერმე ვთხოვეთ NED-სა და EED-ს ჩვენთან ეთანამშრომლათ. მათი დაფინანსება საქართველოში პრობლემურია, რადგან გაუმჭვირვალეა. ჩვენი ავტორიტეტული უცხოელი კოლეგები, კერძო საუბრებში, ამას აღიარებენ. ისინი, ასევე, აღიარებენ, რომ ზოგიერთი გრანტი პრობლემურია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართ ერთგულების კონტექსტშიც. საინტერესოა, რომ ამას ქართული არასამთავრობოებიც აღიარებენ – კვლავ და კვლავ, კერძო საუბრებში. თუმცა, გამჭვირვალობის ნაკლებობა კვლავ სახეზეა.

გაუმჭვირვალობა არ არის ერთადერთი პრობლემა. NED-ი და EED-ი საქართველოში, არაპირდაპირ, პოლიტიკურ პარტიებსაც აფინანსებენ, ვინაიდან მათი ფინანსები იმ ყალბი არასამთავრობოების ანგარიშებზე ხვდება, რომლებიც პოლიტიკური პარტიების მიერ არიან მართულნი და გამოიყენებიან, როგორც უცხოური ფულის გათეთრების მექანიზმები, რომლებითაც დემოკრატიული დახმარება პოლიტიკურ ფულად იქცევა. ქართული კანონმდებლობა ცალსახად კრძალავს პოლიტიკოსების უცხოეთიდან დაფინანსებას, რაც, ასევე, საერთაშორისო ნორმასაც წარმოადგენს. ამ პარტიებისა და არასამთავრობოების სახელები საზოგადოებამაც კარგად იცის და დონორებმაც, რადგან ეს ინფორმაცია მათ არაერთხელ მივაწოდეთ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

მისი თქმით, ხელისუფლების შეშფოთების მიუხედავად, არც NED-მა და არც EED-მა არ გაიზიარეს თხოვნა დაფინანსების გასაჯაროებასთან დაკავშირებით.

„ინფორმაციას მათი დაფინანსების არხების შესახებ საზოგადოება მხოლოდ პოლიტიკური ბენეფიციარების სოციალური მედია-პოსტებიდან თუ იღებს. სულ მცირე, ამ დაფინანსების ნაწილი რადიკალურ ორგანიზაციებთან ხვდება, რომლებიც ბოლო დღეების ძალადობრივ მოვლენებში იყვნენ ჩართულნი, მათ შორის, პარლამენტზე თავდასხმაში. ამ სადაო ფინანსების მნიშვნელოვან ასპექტს ისიც წარმოადგენს, რომ ამ ფულის დიდი ნაწილი საქართველოში შემოდის, როგორც დემოკრატიული დახმარება. თუმცა, მისი ნაწილი პოლარიზაციის გაღრმავებასა და კანონიერების დაზარალებას ხმარდება (სულ ახლახან გაირკვა, რომ EED-ის ფული გამოიყენებოდა პოლიციის წინააღმდეგ ძალადობრივი წინააღმდეგობისათვის ადმინისტრაციული ჯარიმების გადასახდელად). ასევე, ამ ფულის დიდი ნაწილი ამერიკელი და ევროპელი გადასახადის გადამხდელთა ჯიბეებიდან მოედინება, რომლებიც, დიდი ალბათობით, სულაც არ მოიწონებდნენ ამ ფულის ამგვარი მიზნებისთვის ხარჯვას. გადასახადის გადამხდელთა თანხებს რაც შეეხება, EED-ის შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტიც არსებობს. ევროპარლამენტის ზოგიერთმა წევრმა ახლახან შეიმუშავა რეზოლუცია, რომელიც გამჭვირვალების ქართულ კანონს აკრიტიკებდა. იმავდროულად, ეს კანონი სწორედ უცხოეთიდან შემოსულ ფარულ ფულს შეეხება, მათ შორის EED-იდან შემოსულსაც, რომლის მმართველ საბჭოში თავად ევროპარლამენტარები შედიან (მაკალისტერის გარდა, EED-ის მმართველებს შორის არიან ქართულ პოლიტიკაში ღრმად ჩაფლული ანა ფოტიგა და მაიკლ გალერიც). სხვაგვარად რომ ვთქვათ, ევროპარლამენტარები თავიანთ პოლიტიკურ გავლენას თავიანთი სპეციფიკური ინტერესებისათვის იყენებენ, რითაც EED-ის პროექტებს გაუმჭვირვალეს ტოვებენ. ირონიაა, რომ ორგანიზაციები, რომლებიც გამჭვირვალობის კანონს აკრიტიკებენ, თავად გაუმჭვირვალენი არიან. ჩვენ მაინც გვინდა მათთან თანამშრომლობა, მაგრამ NED-ი და EED-ი უნდა გადაერთონ იმაზე, რისთვისაც არიან მოწოდებულნი, კერძოდ, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობაზე, და არა რადიკალიზმისა და პოლარიზაციის დაფინანსებაზე“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, NED-ი და EED-ი გამჭვირვალენი უნდა გახდნენ მათთვის, ვისაც ეხმარებიან. მისივე თქმით, დახმარება არ ნიშნავს მეურვეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g