ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, იმ სახლში, სადაც „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუა დააკავეს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ესებუა ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა.
„მთავარი არხის“ ცნობით, სახლი, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს, მისი საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით, 2 კილომეტრში მდებარეობს. როგორც ადგილზე მომუშავე კორესპონდენტები ამბობენ, დაკავების ადგილიდან მის სახლამდე არის გადასასვლელი გზა.
ტელეკომპანიის ცნობით, ნათესავის ბინაში ბადრი ესებუა 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.
ადგილობრივები მედიასთან საუბარში ამბობენ, რომ არ იცოდნენ, თუ მათ სოფელში მიმალვაში მყოფი ადამიანი ცხოვრობდა.
ტელეკომპანიის ცნობით, სპეცოპერაცია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიგეგმა.
შეგახსენებთ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც სავარაუდოდ, დაკავებული ბადრი ესებუა ჩანს
ადვოკატის ცნობით, ბადრი ესებუა ქუთაისში მდებარე საპატიმროში გადაიყვანეს
“ყველაზე მაგრად მინდა, რომ დავაკავოთ” – შს მინისტრი ბადრი ესებუაზე