LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაყალბებული სტატისტიკა, სხვა ხარისხის ვაქცინა, თუ ბრძოლის განსხვავებული სტრატეგია – ჩინეთში ბოლო 28 დღეში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა

705
Untitled design - 2022-01-20T163748.956

მსოფლიო პანდემიას უკვე ორი წელია ებრძვის. დაინფიცირებულთა რაოდენობა არ კლებულობს, ახალი შტამები კი მეცნიერებსა და ექიმებს ახალ თავსატეხს უჩენენ.

ჩინეთში, სადაც სურთ თუ არა ჩინელებს, შეგვიძლია, კორონავირუსის სამშობლო ვუწოდოთ, ბოლო 28 დღეში 5 101 შემთხვევაა დაფიქსირებული.

სტოპკოვზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ამავე პერიოდში, ჩინეთში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა.

რა დასკვნა შეიძლება, ამ მონაცემებით გავაკეთოთ?

  • ჩინეთმა პანდემია დაამარცხა?
  • სტატისტიკა არ ასახავს რეალურ მონაცემებს?
  • ჩინური ვაქცინამ თავად ჩინეთში უფრო კარგად იმუშავა?
  • ბოლო ვერსია აჩენს კითხვას, დანარჩენ მსოფლიოს სულ სხვა ხარისხის ვაქცინა ხომ არ მიაწოდეს…

კითხვებზე პასუხის გაგებას „ფორტუნა“ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროს მრჩეველთან ზაზა წერეთელთან შეეცადა.

„ჩინეთში პანდემია ნამდვილად არ დასრულებულა. დღეში 200 შემთხვევამდეც ფიქსირდება ხოლმე. 27 რეგიონი კი დიდი რისკის რეგიონად აქვს გამოცხადებული.  ჩინეთი ემზადება და 4 თებერვალს პეკინში ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები უნდა დაიწყოს.

ამიტომ ჩინეთს ძალიან გამკაცრებული აქვს პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებები. თან ჩინეთი განსხვავდება სხვა ქვეყნებისგან იმით, რომ მათ გამოაცხადეს ნულოვანი ტოლერანტობა, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი შემთხვევაც რომ დაფიქსირდეს, ქალაქი იკეტება.

ჩინეთს კორონავირუსთან ბრძოლის სრულიად განსხვავებული სტრატეგია აქვს, რომელსაც ვერც ერთი ქვეყანა ვერ აკეთებს.

უბრალოდ, ჩინეთში მმართველობის სისტემაა განსხვავებული და როდესაც ბრძანება გაიცემა, მას ყველა ემორჩილება. რასაც ვერავინ გააკეთებს ევროპულ ქვეყანაში.

როგორც კი 3 მილიონიან ქალაქ ჭუხაიში „ომიკრონის“  ერთი  შემთხვევა დაფიქსირდა, ქალაქი ჩაიკეტა. იმავე დღეს ჩატარდა სამი მილიონი ტესტი, ანუ ყველა დაიტესტა, მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლა აეკრძალა და მხოლოდ ორ დღეში ერთხელ შეეძლოთ გამოსვლა საკვების შესაძენად და ის 15 დაწესებულება, სადაც დაინფიცირებული ადამიანი იყო, დაიკეტა“. – განმარტავს წერეთელი.

 

 

კითხვაზე, მხოლოდ ასეთი პოლიტიკაა მიზეზი, რომ გარდაცვლილები ბოლო 28 დღის განმავლობაში არ ჰყავთ?“ წერეთელი პასუხობს:

„შემთხვევები არ აქვთო ვერ იტყვი, უბრალოდ ძალიან მცირეა.
გარდა ამისა აიკრძალა ფრენები. ორი დღის წინ დაფიქსირდა „ომიკრონის“ შემთხვევა და ჩინელებმა თქვეს, რომ კანადიდან გამოაგზავნეს ამანათი და ამანათში იყო ეს ვირუსი. ყველას უთხრეს, რომ თუ უცხოეთიდან მიღებულ ამანათს გახსნიდნენ, აუცილებლად უნდა კეთებოდათ პირბადე და ხელთათმანები.

შეიძლება ვთქვათ, რომ მათ არანორმალური წესრიგი აქვთ, რომელსაც მსოფლიოში სხვა ვერავინ გაატარებს.
გარდა ამისა, ჩინეთი ძალიან ჩაკეტილი ქვეყანაა ამ ეტაპზე. შესაბამისად, იქ ვერავინ შედის და ვერც ამოწმებს სტატისტიკა რამდენად ზუსტია“. – ამბობს წერეთელი „ფორტუნასთან“.

-შესაძლოა, ჩინეთში მალავდნენ დაინფიცირებულთა რიცხვს?

-არაა გამორიცხული მალავდნენ, რადგან ჩინეთი ავტორიტარული ქვეყანაა. საკმაოდ დიდხანს არ იცოდა მსოფლიომ რა ხდებოდა ჩინეთში კორონავირუსთან დაკავშირებით და გვიან გავიგეთ, ერთმა ექიმმა გარისკა და დაწერა, თორემ შეიძლება კიდევ დიდხანს არ გაეგო მსოფლიოს, რა ხდებოდა ჩინეთში.
მით უფრო ახლა, როდესაც წინ  ოლიმპიური თამაშებია, შესაძლოა დამალონ სტატისტიკა, რადგან უნდათ ისე წარმოჩინდნენ, რომ  პანდემიას კარგად მართავენ. კორონავირუსის გამო ძალიან ბევრ ქვეყანა ამბობს, რომ არ უნდა პეკინში ჩასვლა.

 

 

-ჩინური ვაქცინები რამდენად შეიძლება იყოს ისეთი ეფექტიანი, რომ ასეთ შედეგს მიაღწიეს?
ბევრი ეჭვობს, რომ რაც მსოფლიოში ვრცელდება, „სინოვაკი“ და „სინოფარმი“ შეიძლება  არ იყოს ისეთი ხარისხის, რადგან ვხედავთ, რომ ჩინური ვაქცინით აცრილები საქართველოშიც ინფიცირდებიან და რამდენიმე გარდაცვალების შემთხვევაც გვაქვს. რადგან თავად ჩინეთში ასეთი შედეგი აქვთ, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ დანარჩენ მსოფლიოს სხვა ხარისხის ვაქცინას აწვდიან?

– სამწუხაროდ ახალ შტამებზე, „დელტაზე“ და „ომიკრონზე“ ჩინური ვაქცინები ვერ მუშაობს და ეს ბევრმა კვლევამ ჩვენა. ამ შტამებთან „ომიკრონს“ საერთოდ ნულოვანი დაცვა აქვს და ყველა, ვისაც ჩინური ვაქცინა ჰქონდა გაკეთებული, მოუწოდეს, რომ ბუსტერ დოზები „ფაიზერით“ გაეკეთებინათ. ჩინური ვაქცინები დამზადებულია ორიგინალურ ვირუსზე და ვირუსმა იმდენი ცვლილება განიცადა, რომ ახალი შტამები თავისუფლად უვლიან გვერდს ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს.

ჩინელებმა მოახერხეს მოსახლეობის ძალიან დიდი რაოდენობის აცრა და ჩაკეტეს ქვეყანა. უცხოელებს არ უშვებს და თუ ვინმე ჩავა, 48 საათის განმავლობაში უნდა ჰქონდეს ტესტი გაკეთებული, ვინც ჩავა, ასევე 48 საათის გასვლის შემდეგაც უნდა დაიტესტოს და გარდა ამისა, კარანტინში არიან რამდენიმე დღე ქვეყანაში ჩასულები.
ასეთი შეზღუდვები ჰქონდა ახალ ზელანდიას და ავსტრალიასაც, მაგრამ ისინი კუნძულებია და უადვილდებოდათ ამ რეგულაციის განხორციელება.

მათთვის მთავარი ისაა, რომ ვირუსი არ შევიდეს ქვეყანაში. ამ შემთხვევაში იმის თქმა, რომ ჩინელებს განსხვავებული ხარისხის ვაქცინა აქვთ, არ იქნება სწორი. ადამიანების ფანტაზია უსაზღვროა.

-ქნის თუ არა „ომიკრონი“ ჯოგურ იმუნიტეტს?

-რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ერთ-ერთი კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ აცრის გარეშე, მხოლოდ „ომიკრონის“ გადატანით შესაძლოა ჩამოყალიბდეს ჯოგური იმუნიტეტი, რეალობას არ შეესაბამება და შეუძლებელი იქნება, რადგან კვლევამ აჩვენა, რომ სამწუხაროდ, მარტო „ომიკრონით“ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი ვერანაირად ვერ უმკლავდება სხვა შტამებს და რეინფიცირებაც შესაძლებელია.

ცდებმა აჩვენა, რომ ვინც გადაიტანა „ომიკრონი“ მათი ანტისხეულები “გამას“  და „დელტას“ შემთხვევებზე ვერ მოქმედებდა. ამიტომ ის აზრი, რომ არ ავიცრები, „ომიკრონს“ ადვილად გადავიტან და დაცული ვიქნებიო, ლოგიკას მოკლებულია.

ბევრი ამბობს, პანდემია დასასრულისკენ მიდის „ომიკრონის“ გამოო, მაგრამ ახლა ამის თქმა ძალიან ნაადრევია, რადგან მსოფლიოს ძალიან დიდი ნაწილი აცრილი არაა და არავინ იცის, გამოჩნდება თუ არა ახალი შტამი და ის ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს გვერდს აუვლის თუ არა.

ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ხვალ და ზეგ ეს პანდემია დასრულდება. უნდა მოვითმინოთ და ძველ ცხოვრებას ჯერ არ უნდა დავუბრუნდეთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g