LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაყიდა თუ არა რუსულმა “ინტერ რაომ” ქართული აქტივები?

114

გავრცელებულ ინფორმაციას, რუსული ენერგოკომპანია “ინტერ რაოს” მიერ საქართველოში ენერგობლოკების გაყიდვის შესახებ, კომპანიის ქართველი დირექტორი არ ადასტურებს. კომენტარს არც ”საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში” აკეთებენ, რომელმაც, ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ენერგობლოკები იყიდა.

როგორც ”ფორტუნას” ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიკა ვალიშვილმა განუცხადა, ”ინტერ რაოს” მიერ მეცხრე და მეათე ბლოკების გაყიდვით არსებითად ქართულ ბაზარზე არაფერი შეიცვლება.

”ნებისმიერმა მფლობელმა უნდა შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებები. ოპერირებას განაგრძობს ის კომპანია, რომელიც არის ლიცენზიანტი. შეიცვალა მხოლოდ მფლობელი, თუმცა, ამაზე მე ოფიციალური განცხადება არ მინახავს. თუ ნიდერლანდებში ვინმემ წილი გადაიფორმა, ეს ჩვენ იურისდიქციასთან კავშირში არ არის” – განუცხადა ”ფორტუნას” ვალიშვილმა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ბოლო ცვლილება დოკუმენტაციაში 22 მარტს შევიდა. თუმცა, ამავე დოკუმენტის მიხედვით, ენერგობლოკების მფლობელად ისევ რუსული კომპანიაა მითითებული.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოში გაზის მიწოდების ბაზარი დერეგულირებულია, რუსულმა კომპანიამ რუსეთიდან გაზის იაფად შემოტანა ვერ შეძლო და ენერგობლოკებისთვის აზერბაიჯანულ გაზს ყიდულობდა. “ინტერ-რაომ” ენერგობლოკები 2003 წელს ამერიკული კომპანია AES-სგან შეიძინა.

რეალურად, “მტკვარი ენერგეტიკა” მხოლოდ ერთ – მეცხრე ენერგობლოკს ამუშავებს, რადგან მეათე ენერგობლოკი ჯერ კიდევ მაშინ აფეთქდა, როცა მის ოპერირებას ამერიკული კომპანია ახორციელებდა.

“საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა” გარდაბანში თბოელექტროსადგურის შეძენის სურვილი მაშინაც გამოთქვა, როცა სახელმწიფომ, 2015 წელს გახსნილი გარდაბნის ახალი, 220-მეგავატიანი თბოსადგური საპრივატიზაციოდ გამოიტანა.

ენერგეტიკის მიმართულებით “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” შვილობილი  „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ (სსეკ) მუშაობს. კომაპნია 2005 წელს დაარსდა და  ქართული ელექტროენერგიის ბაზარზე  მნიშვნელოვანი მიმწოდებელია, ამავდროულად სსეკ-ი აწარმოებს ენერგიის ექსპორტს მეზობელ ქვეყნებში. დღეისათვის სსეკ-ის მფლობელობაშია 8 მცირე ჰიდროსადგური, ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგური და ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გაზზე მომუშავე თბოელექტოსადგური. კომპანიის მთლიანი დადგმული სიმძლავრე 362 მეგავატია.

“საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” ერთ-ერთი მფლობელი პარლამენტარი, თეთრიწყაროს მაჟორიტარი დავით ბეჟუაშვილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები