გერმანიაში რექტორის თანამდებობას სულ უფრო ხშირად იკავებენ ქალები. ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების კვლევების ცენტრის მონაცემებით, დღეს ისინი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მესამედზე მეტს წარმოადგენენ. ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ მეტია 2021 წელთან შედარებით, როცა უნივერსიტეტებისა და გამოყენებითი მეცნიერებების ინსტიტუტების ხელმძღვანელთა შორის ქალების წილი 25%-ზე ნაკლები იყო.
გერმანიაში უნივერსიტეტები და გამოყენებითი მეცნიერებების ინსტიტუტები ტრადიციულად ერთმანეთისგან განსხვავდება. უნივერსიტეტები უფრო კლასიკურ უმაღლეს განათლებას სთავაზობენ, მაშინ როცა გამოყენებითი მეცნიერებების ინსტიტუტები ორიენტირებულნი არიან პრაქტიკულ კვლევებსა და სასწავლო პროცესზე.
კვლევის მიხედვით, ქალებისთვის უნივერსიტეტები უფრო ღიაა – ასეთ დაწესებულებებში რექტორთა 40%-ზე მეტი ქალი აღმოჩნდა. გამოყენებითი მეცნიერებების ინსტიტუტებში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ს შეადგენს. ანალიტიკოსები ამას ამ ინსტიტუტების უფრო ტრადიციულ სტრუქტურას უკავშირებენ, სადაც ხელმძღვანელ პოზიციებზე თითქმის ყოველთვის მამაკაცები ინიშნებოდნენ.
გარდა ამისა, საინტერესოა კიდევ ერთი მონაცემი – სხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეული რექტორების შემთხვევაში სურათი ქალთა სასარგებლოდ კიდევ უფრო უკეთესია. ასეთი „სტუმარი“ ხელმძღვანელებიდან მამაკაცები მხოლოდ 30%-ს შეადგენენ. სპეციალისტების თქმით, სწორედ ასეთ რექტორებს უფრო მეტ ინოვაცია და საჭირო ცვლილებები შემოაქვთ, რაც უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.