ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ მისი ქვეყნის Su-24-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავები ბირთვული იარაღის გადასატანად მზადაა.
ლუკაშენკოს ინფორმაციით, მან ეს ნაბიჯი რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან შეათანხმა.
„მე და პუტინმა ერთხელ პეტერბურგში ვთქვით, რომ ბელარუსული თვითმფრინავების ხელახლა აღჭურვას განვახორციელებდით, რათა მათი საშუალებით ბირთვული იარაღის გადატანა მომხდარიყო. ყველაფერი მზად არის“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
მისი თქმით, ბელარუსი მზადაა, ადეკვატურად უპასუხოს დასავლეთის „სერიოზულ პროვოკაციას“.
„ბელარუსთან ურთიერთობა არ უნდა გამწვავდეს, რადგან ეს ასევე ნიშნავს ურთიერთობების გამწვავებას ბელარუსისა და რუსეთის საკავშირო სახელმწიფოსთან, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღი“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
“დასავლეთმა უნდა გაიგოს, რომ ვერც ვერტმფრენები და ვერც თვითმფრინავები გადაარჩენს, თუ ესკალაციის გზას აირჩევს. ჩვენ, პუტინთან ერთად, პეტერბურგში უკვე ვთქვით, რომ Su-24 თვითმფრინავებს ბირთვული იარაღის გადატანას მოვარგებთ. თქვენ გგონიათ, რომ ჩვენ უბრალოდ ვყბედობთ? ამისთვის ყველაფერი მზად არის!”, – აღნიშნა მინსკში ლუკაშენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მას პირობის შესრულების გზებზე არ უსაუბრია. გასათვალისწინებელია, რომ ბელარუსს არ აქვს საკუთარი ბირთვული იარაღი და მან სავარაუდოდ ათი წლის წინ გააუქმა თვითმფრინავების Su-24 ფლოტი, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ თვითმფრინავის კაპიტალური რემონტი და ექსპლუატაციაში დაბრუნება შესაძლებელია.