სტარტაპი Twiliner წლის ბოლოსთვის აამუშავებს ორსართულიან ღამის ავტობუსებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კარგი ალტერნატივა როგორც თვითმფრინავების, ისე მატარებლების. პირველ ეტაპზე მარშრუტები შვეიცარიის ქალაქებს ბარსელონასა და ამსტერდამთან დააკავშირებს, თუმცა შემდეგ ეს ქსელი ევროპის ყველა დედაქალაქს მოიცავს. სიახლის შესახებ Euro news წერს.
ავტობუსში ჩვეულებრივი ვიწრო სავარძლები არ იქნება – დაკეცილ მდგომარეობაში თითოეული მათგანი აღჭურვილია სამუშაო მაგიდით, დენცქვიტით და პატარა ნათურით. ხოლო როცა მგზავრს დაძინების დრო მოუვა, მხოლოდ ერთი ღილაკის დაჭერით სავარძელი სრულფასოვან ორმეტრიან საწოლად გადაიქცევა. თითოეულ ავტობუსში მხოლოდ 21 ადგილი იქნება. ასევე გათვალისწინებულია საგარდერობო სივრცე ტანსაცმლისთვის, ტუალეტები და ხემსი.
ბილეთის ფასი იწყება 170 ევროდან და მასში შედის როგორც ხელბარგი, ისე მსხვილგაბარიტიანი ბარგი. გარდა ამისა, 5 წლამდე ასაკის ბავშვები უფასოდ იმგზავრებენ.
ღამის ავტობუსები გადაკეცილი სავარძლებით უკვე დიდი ხანია მოძრაობენ ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ბრაზილია და აშშ. თუმცა ევროპაში აქამდე ისინი არ არსებობდნენ.
სტარტაპში ხაზს უსვამენ, რომ მათი მიზანია არა ბიუჯეტური მგზავრობა, არამედ თვითმფრინავის ეკოლოგიური ალტერნატივის შეთავაზება. ამ ამოცანას ახლა ნაწილობრივ ღამის მატარებლები ასრულებენ, თუმცა სამწუხაროდ, ყოველთვის ვერა.
Twiliner–ში ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ისინი წელიწადში ერთი მილიონი მგზავრის გადაყვანას შეძლებენ. ეს კი გარემოს დაბინძურებას საგრძნობლად შეამცირებს.