გია ბაღაშვილი ლეგენდარულ ქართველ მსახიობთან, კახი კავსაძესთან ერთად წლების წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მსახიობი იუბილარია – მას დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა:
„დღეს კახი კავსაძე 90 წლის გახდებოდა!
ეს ფოტო 2007 წლის ოქტომბრის ბოლოს, „იუმორინას“ ერთ-ერთ კონცერტზეა გადაღებული, ფილარმონიის სცენის კულისებში.
ზუსტად მახსოვს, იმ დღეს ორი კონცერტი გვქონდა – 15:00 და 19:00. დღის კონცერტის წინ, სცენაზე სარეპეტიციოდ შევდიოდი. ამ დროს, ბატონი კახი, უკვე საკონცერტო ჩაცმული, სმოკინგში გამოწყობილი, ჩვეული ელეგანტური მანერით საგრიმიოროდან გამოვიდა და გამომძახა: “როგორა ხარ, გიაჯან? არ გავიაროთ, ფიგარო?” ის იყო, უნდა მეპასუხა, რა თქმა უნდა-მეთქი, რომ ფოტოგრაფმა შემოგვაბრუნა: „ბატონო კახი, ბატონო გია, ერთი წამით აქეთ…“ და ეს ფოტო გადაგვიღო…
რა ბედნიერებაა, რომ გვყავდით ბატონო კახი და თქვენი დიდებული ხელოვნება სამარადჟამოდ დარჩა მაყურებლის სულსა და გულში!.. და რამხელა ბედნიერებაა პირადად ჩემთვის, რომ 30 წელი, სცენაზე და სცენის მიღმა, თქვენს გვერდით ყოფნის პატივი მქონდა!..
ღმერთმა ნათელში გამყოფოთ, ჩვენო უძვირფასესო ადამიანო!“