LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია როინიშვილი: „როცა შენ იცი სიმართლე, ტყუილის მოსმენა მარტივია“

244
გია-როინიშვილი

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი გია როინიშვილი, რომელმაც თავის შემოქმედებაზე, პირად ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

მოდით ყველაფერი დავიწყოთ თავიდან…

მე დავიბადე ქუთაისში, მაგრამ რეგისტრირებული ვარ სამტრედიაში, მალევე გადმოვედით თბილისში საცხოვრებლად. ზემელზე გავიზარდე, დიდი, ინტერნაციონალური ეზო გვქონდა. ბავშვები ბილეთებს ვარიგებდით და კონცერტზე ვეპატიჟებოდით ყველას, იყო დიდი ჟრიამული. „მოზარდ მაყურებელთა“ თეატრის უკანა ეზო ჩვენს სახლთან გადმოდიოდა, მსახიობებს ვუყურებდით ხოლმე. ვყიდულობდით ბილეთებს და ხშირად ვსტუმრობდი სპექტაკლებს, ეს იყო ჩემი ინსპირაციაც. „კავკასიურმა ცარცის წრემ“ დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. შემდეგ უკვე ჩემი მშობლები დამყავდა თეატრში. ასეთი იყო ჩემი ბავშვობა. შემდეგ „პიონერთა სასახლეში“, „დრამ წრეზე“ შევედი.

„თეატრალური“ დაამთავრეთ, რამდენად რთული იყო კონკურენციის გაძლება…

მე ბედმა გამიღიმა, რომ ჩემი პედაგოგები იყვნენ საოცარი ადამიანები. ჩემს დროს გამეფებული იყო ის, რომ ყველას „პატრონი“ უნდა ჰყოლოდა. მე კი ორივე პედაგოგი ისეთი შემხვდა – თუმანიშვილს ჩემს პედაგოგად ვთვლი.

პირველი სერიოზული როლი…

მთელი ჩემი ცხოვრება პროფესიულ აღმოჩენებში გავატარე. ყველანაირი როლი მითამაშია, სიტყვით, უსიტყვოდ, მთავარი როლიც, ყველანაირი, ყველა როლი მნიშვნელოვანია. თუმანიშვილმა ერთხელ დამიწერე, გია, ბევრ აღმოჩენას გისურვებო და მართლაც, ხელოვნება ეს არის აღმოჩენა, შენი უნდა აღმოაჩინო. წინ კიდევ ბევრი რამაა.

იყო თქვენს ცხოვრებაში რთული პერიოდები, არის თეატრი ზოგადად თავშესაფარი?

სცენა არის თავშესაფარი იმ ორომტრიალისგან, რაც ჩვეულ, ყოფით ცხოვრებაში ხდება. სწორედ ამაღლებული სცენიდან გისმენენ, ცხოვრებაში კი ზოგჯერ არ გვისმენენ. რაც შეეხება კონკრეტულად რთულ პერიოდს, როცა შენ იცი სიმართლე, ტყუილის მოსმენა მარტივია. ზოგადად, უპირობოდ გულისტკენა და დაუნდობლობა და გათელვა, ეს არის საშინელი სენი, რომელიც ადამიანს ოდითგანვე მოჰყვება. ამ ყველაფერს სიკეთე და ღირსება უნდა დაუპირისპირო. ხანდახან დუმილი უფრო ყვირის, ვიდრე ლაპარაკი.

რა ეტაპზეა დღეს გია როინიშვილი?

ვარ მამა, ვარ ბაბუა, ჯერჯერობით საჭირო ვარ სცენისთვის, ვარ სამშობლოს მოყვარული.

მამა-შვილი, ამჯერად კოკოზე მაქვს საუბარი, როგორი შეგრძნებაა ყოველივე ეს

კოკო უკვე დამოუკიდებელი ხელოვანია, როგორც სამსახიობო ხელოვნებაში, ასევე რეჟისურაში. მე მადლობელი ვარ, რომ მისი სპექტაკლის საშუალებით მივბრუნდი „თუმანიშვილის თეატრში“, ეს არის ვუდი ალენის კუგელმას!“. მან ასევე თავის თეატრში მიმიწვია, ეს არის შმიდტის „სტუმარი“, საინტერესო დრამატურგიაა. ვმუშაობ ახალგაზრდებთან და ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები