პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში ვიზიტის დროს გარკვეულ პროვოკაციას გეგმავს და სწორედ ამიტომ არ იღებს მონაწილეობას ამ დელეგაციაში. ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, დელეგაციისთვის მძიმე პროვოკაციის მოწყობა არის ერთ-ერთი სერიოზული წყაროდან მიღებული ინფორმაცია.
“არ დაგიმალავთ, მაგრამ დადასტურდა, ყოველ შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია არის, რომ გარკვეული პროვოკაციის დაგეგმვის მიზნით არიან მობილიზებულები და ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ არიან ისინი დელეგაციაში. უფრო მეტსაც გეტყვით, აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ სარწმუნო წყაროდან მიიღო ინფორმაცია ჩვენმა სპეცსამსახურებმა და უკვე გაუზიარეს ეს უკრაინის სპეცსამსახურებს. დარწმუნებული ვარ, უკრაინელები ამასთან დაკავშირებით მიიღებენ შესაბამის ზომებს და ამ ვიზიტს ხელი არ შეეშლება. მით უმეტეს, ამასთან დაკავშირებული მითქმა-მოთქმა პოლიტიკური სპეკულაციების გამოხშირვა საინფორმაციო ველიდან არის ის ინტერესი რაც ჩვენ გაგვაჩნია,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.