LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ვოლსკი: „როდის გადადგა საქართველომ ისეთი ნაბიჯი, რომელიც დასავლურ იდეებს ეწინააღმდეგება? მავნებლები აყოლილი არიან ვიღაც სულელი გონჩარენკოს სიტყვებს“

113
გია ვოლსკი

26 ივნისს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს შესახებ გამართულ დებატებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ჟურნალისტებთან გამოეხმაურა.

როგორც PACE-ში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე დასმული კითხვის საპასუხოდ გია ვოლსკიმ თქვა, „საქართველომ თავისი საქმე და პოლიტიკა იცის და არავითარი პრორუსული პოლიტიკა არ არსებობს“.

„როდის იყო და როდის გადადგა საქართველომ ისეთი ნაბიჯი, რომელიც დასავლურ იდეებს ეწინააღმდეგება? მავნებლები აყოლილი არიან ვიღაც სულელი გონჩარენკოს სიტყვებს, რომელიც უკრაინაში მუდამ რუსულ ინტერესებს ატარებდა. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი წევრია გონჩარენკო.

საქართველომ ბოლო 13 წლის განმავლობაში რომელი ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელიც რუსეთს უპირატესობის მოპოვებაში შეუწყობდა ხელს? განსხვავებით 2012 წლამდე არსებული ხელისუფლებისგან, რომელსაც ასე გააფთრებით იცავენ და რომლის ხელისუფლებაში დაბრუნებას ლამობენ ევროსაბჭოსა თუ სხვა ფორმატებში. რეალობა არის ეს და ამ რეალობას თვალი რომ არ გაუსწორონ, პრობლემების ზღვა უნდა შეგიქმნან.

საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო არმიის იარაღი გვაქვს დამიზნებული. ყოველდღიურად ამ დაძაბულ ვითარებაში ვცხოვრობთ. მაინც და მაინც გონჩარენკოები და მისი ქართველი მხარდამჭერები გვიკიჟინებენ, რომ ისეთ დაპირისპირებაში შევიდეთ, რომელიც საქართველოში ნგრევას გამოიწვევს.

რა ტრიბუნალზე მოაწერეს ხელი ან რისი გამკეთებელია გონჩარენკო, როცა ინგრევა და სისხლში იხრჩობა უკრაინა? მთელი ახალგაზრდა თაობა გაწყვიტეს და დღეს რაღაც იდეებთან დაკავშირებით საქართველოს ეომებიან, რომელიც ათასნაირი გამოწვევის წინაშე დგას.

საქართველომ თავისი საქმე და პოლიტიკა იცის, არავითარი პრორუსული პოლიტიკა არ არსებობს. საქართველომ 600-ზე მეტ რეზოლუციას მოაწერა ხელი, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს. გონჩარენკოსნაირი ხალხი არის უმადური“, – თქვა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე უკრაინის წარმომადგენელმა ოლექსი გონჩარენკომ თქვა, რომ საქართველომ ხელი არ მოაწერა სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შეთანხმებას, რომლის ამოცანა რუსეთის ხელისუფლების გასამართლებაა. გონჩარენოს თქმთვე, ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როცა საქართველო თავად არის რუსეთის აგრესიის მსხვერპლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g