“გია ვოლსკი საცემია იმისთვის, რაც თქვა”,-ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ის ამ განცხადებით არავის მოუწოდებს ძალადობისკენ.
“არავის მოვუწოდებ მისი ცემისკენ, თუნდაც იმიტომ, რომ ასაკოვანი ადამიანია, მაგრამ მისი ტოლი რომ ვიყო, კაცი რომ ვიყო, პირდაპირ გეუბნებით, ვცემდი. რა თქვა დღეს ვოლსკიმ, რომ ივერი მელაშვილი, გულით ავადმყოფი კაცი, ოთხი თვე რომ ციხეში იჯდა, ვიღაცამ სპეციალურად მიიყვანა მაღაზიაში, რომ მას შეურაცხყოფა მიეღო ვიღაცისგან. აღარ მეგონა, 30 წლის თავზეც ასეთ საზიზღრობებს თუ ვნახავდი”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატი გია ვოლსკი პარლამენტის “კარტოგრაფების საქმეზე” ბრალდებული ივერი მელაშვილის მიმართ ტექნიკის მაღაზიაში განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.
„გასაგებია საზოგადოების გაღიზიანება, დამოკიდებულება, ემოციების შეჯახება დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით. თვალსაჩინოა – ადამიანები, მიწათამზომველები არიან თუ არ არიან სპეციალისტები და გარკვეულ ოქმებზე მოაწერეს ხელი, საზოგადოებას უნდა წარუდგინო და ხშირად ატარო თავშეყრის ადგილებში, იქნებ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს, იქნებ ვინმემ აგრესია გამოხატოს. თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნა ისეთი, როგორსაც ისინი ელოდებიან, იქნებ, მერე ეს საზოგადოების სასამართლოზე ზეწოლას დააბრალონ – ეს ტაქტიკა იმდენად ადვილად იგრძნობა და იშიფრება, რომ ამაზე საუბარიც კი აღარ იყო საჭირო”,-განაცხადა ვოლსკიმ.