პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ გრიგოლ ვაშაძე 16 მარტს გაკეთებული შეფასების გამო გააკრიტიკა, როდესაც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ხელისუფლება უკრაინასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯების გამო შეაქო, ბოკერიას განცხადებას „ენმ-ს“ ყოფილი თავმჯდომარე „ტვ პირველის“ ეთერში გამოეხმაურა და თქვა, რომ „მას გიგა ბოკერიას აზრი ისე აინტერესებს, როგორც გუშინწინ დამდნარი თოვლი“.
„რაც უნდა, ის ილაპარაკოს. უხეშ სიტყვებს არ ვიხმარ. ამ ხელისუფლების ტრაგედია ხშირად მოქმედება კი არ არის, ამ ხელისუფლების ტრაგედიაა, როცა ვერბალურად ვერ ამბობ, რისი თქმაც გინდა… პუტინს რით უფრო ავნებ? სტუდიაში განცხადებით, თუ იმითი, რომ მის საწინააღმდეგოდ სამ საერთაშორისო ორგანიზაციაში დგამ იმისთანა ნაბიჯს, რომელიც ნამგალივით ერთ ადგილას ესობა პუტინს”. – თქვა გრიგოლ ვაშაძემ TV პირველის ეთერში.
იმავე ეთერში გრიგოლ ვაშაძის ამ ნათქვამს გიგა ბოკერია გამოეხმაურა და ის „კატასტროფად“ შეაფასა.
„ბატონ გრიგოლ ვაშაძეს, ასეთი პოლიტიკოსია, უსაუბრია ახლა, რომ თურმე, ეს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, უბრალოდ, პიარი არ უვარგათო. ვერ არტიკულირებენ ქვეყნის შიგნით, თორემ ევროსაბჭოში რომ ხმა მისცეს რუსეთის წინააღმდეგ, ამაზე მეტი რა უნდა ექნათო. ეს არის კატასტროფა“. – თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ.