დღეიდან, „რუსთავი 2“-ის ეთერში მუსიკალური პროექტის „საქართველოს ხმა“ ლაივ-კონცერტები იწყება. შეჯიბრების პირველ ლაივზე ქართული კინომუსიკიდან შედევრები შესრულდება. 10 მონაწილიდან პროექტს ორი კონკურსანტი გამოეთიშება, ეს კი ზარების რაოდენობის მიხედვით გადაწყდება, ასე რომ მაყურებლის აქტიურობა გადამწყვეტია.
გიორგი პეტრიაშვილი ჟიურის წევრის, გიორგი ძოწენიძის ოქროს ბილეთით პირდაპირ ფინალურ ათეულში მოხვდა. დღეს ის შეასრულებს სიმღერას ცნობილი ფილმიდან „სიყვარული ყველას უნდა“, რომელსაც თავის შეყვარებულს, ასევე მომღერალ კოკოს მიუძღვნის. გიორგი ნომერია 0 903 300 311, რომელზეც მის გულშემატკირებს შეუძლიათ დაუმესიჯონ.
გიორგი პირველი ლაივკონცერტის წინ, რა თქმა უნდა ღელავს და ეს ემოციები fortuna.ge-ს გაუზიარა.
გიორგი პეტრიაშვილი:
მუსიკამდე და სიმღერამდე ჩემმა მშობლებმა მიმიყვანეს. მცირე ასაკიდან რეკლამებს ვყვებოდი მუსიკალურად. ალბათ, წლინახევრის ვიქნებოდი. საუბრის დაწყებამდე დავიწყე სიმღერა. პირველად სიმღერაზე შემიყვანეს 4 წლის ასაკში, მაგრამ ვისთან დავდიოდი, არ მახსოვს. ხალხურ ანსამბლში შემიყვანეს, მერე კი გაგრძელდა და გაგრძელდა.

ხალხური სიმღერისგან განსხვავებული მიმართულება აირჩია…
როცა ხალხურზე სიარული შევწყვიტე და სხვადასხვა ჟანრის მოსმენა დავიწყე. ეს მოხდა გარდატეხის ასაკში. გადავუხვიე ცოტა ამ გზას, მაგრამ მერე დავუბრუნდი, როცა დათო არჩვაძის სტუდიაში დავიწყე სიარული. გარდატეხის დროინდელი ჟანრობრივი ცვლილებები არ დამივიწყებია მაშინაც. ხალხური მაინც არ იყო ბოლომდე ჩემი…
როგორ იპოვე ის, რაც ბოლომდე შენია?
რასაც კი ვმღერი, ჩემს თავზე მუშაობით შევქმენი. დიქტოფონზე ვიწერდი ჩემს ნამღერს და ვცდილობდი გამოსწორებას. საკუთარ თავზე ძალიან ბევრი ვიმუშავე.
გიტარაზე დაკვრასაც ასწავლიდი…
ასეა და ბექა მაისურაძე, რომელიც ახლა „საქართველოს ხმის“ მონაწილეა ასევე, ჩემი საყვარელი მოსწავლე იყო, ასევე მისი ბიძაშვილი და მამიდაშვილი. ახლა გიტარას აღარ ვასწავლი, რადგან სიმღერის კუთხით ვმუშაობ და ფიზიკურად არ მრჩება დრო. ნარიყალაზე მდებარე ბარში ვმღერი და სასიამოვნო საღამოებს ვაწყობ.

„საქართველოს ხმაში“ როგორ მოხვდი?
რეკლამა ვნახე და ვიფიქრე, რომ „ვოისის“ დროინდელ გამოცდილებას გავიხსენებ-მეთქი. გამოვაგზავნე ანკეტა და მოვედი პროექტში.
ელოდებოდი ოქროს ბილეთს გიორგი ძოწენიძისგან?
ერთ კის ყველა ვარიანტში ველოდებოდი, შეიძლება – ორსაც, მაგრამ ოქროს ბილეთს ნამდვილად არა. არც ერთ შემთხვევაში არ ველოდი ამ შედეგს. როცა დადგა, მეტყობოდა კიდევაც ეკრანზე, გაოცებული და დაბნეული რომ ვიყავი.
„საქართველოს ხმის“ ტურები გამოტივე და პირდაპირ გადაინაცვლე ათეულში. დღეიდან უკვე ლაივები იწყება „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ხალხს ელოდება ძალიან მაგარი – კინომუსიკის ტური. ძველი და საყვარელი სიმღერის ძალიან კარგ, განახლებულ ვერსიას შევთავაზებ მსმენელს. დიდი მადლობელი ვარ შემოქმედებითი ჯგუფის, რომ ამის შესაძლებლობა მეძლევა.

შენი შეყვარებული, კოკო, ასევე მომღერალია, როგორ გამხნევებს?
ბოლომდე მიდგას გვერდში. რეპეტციიებს დისტანციურად ვასმენინებ ხოლმე. რაღაცები თუ არ მოსწონს, შენიშვნებსაც მაძლევს და ვითვალისწინებ. ზოგადად, მიყვარს კრიტიკის მოსმენა და გათვალისწინება. როგორც მე, ისიც ძალიან ნერვიულობს. ყველა იერვიულებად საყვარელი ადამიანის გულშემატკივრობისას. მგონია, რომ გავამართლებ იმ იმედებს, რომლებიც ჩემს ახლობლებს აქვთ დამყარებული ჩემზე.
ვის ეძღვნება სიმღერა, რომელსაც დღეს შეასრულებ?
მოსატაცებლად არ მაქვს საქმე, რადგან ჩვენი სიყვარული შედგა, მაგრამ ჩემი ყველა სასიყვარულო სიმღერა კოკოს ეძღვნება.

როგორი მოლოდინები გაქვს პროექტისგან?
ვცდილობ, დიდი მოლოდინები არ მქონდეს და უბრალოდ, ვისიამოვნო აქ ყოფნით. ჩემი აზრით, ჯობია, მსმენელმა მომისმინოს და ნახოს, რა არის გამორჩეული ჩემში, როგორც მომღერალში. ისეთი გრძნობით ვმღერი, რომ მაყურებელი მიხვდება, რატომ უნდა დამიჭიროს მხარი.