პარტია „ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ ე.წ მუქარის წერილი გიორგი გახარიას მიერ დაწერილი არ იყო და შეიძლება შეწუხებულიც კი იყო, რადგან ხაზარაძის თქმით, ყოფილმა პრემიერმა ეს როლი მოირგო.
მამუკა ხაზარაძე საგამოძიებო უწყებებს მიმართავს და ითხოვს საქმის გამოძიება განახლდეს. როგორც პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, შსს-ს შეუძლია გახარიასთან ბადრი ჯაფარიძის შეხვედრის ჩანაწერები ამოიღოს, რომელიც ნოემბერში ყოფილი პრემიერის კაბინეტში შედგა.
ხაზარაძის თქმით, ვინც კი ბადრი ჯაფარიძეს შორიდან მაინც იცნობს, სიტყვა ტყუილი და ბადრი ჯაფარიძე ერთმანეთთან აცდენილია.
„ჯაფარიძე ყოველთვის ამბობდა, რომ ის არ იყო შუამავალი, წერილი გადმოგვცა ჩვენ, მე და ბადრის. როგორ შეიძლება ბადრი ჯაფარიძე იყოს შუამავალი როცა ის, ისეთივე თანამფლობელია და ისევე მართავდა ჩვენს კომპანიებს, როგორც მე. გახარიამ ბადრის გადასცა წერილი მის კაბინეტში.
კიდევ ერთხელ მივმართავ პროკურატურას, მივმართავ გომელაურს, იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შესვლა-გამოსვლა არის ფიქსირებული, ამოიღოს ნოემბრის შესვლა-გამოსვლა და ეს საქმე განახლდეს. თუ არ განახლდება მაშინ საქმე გვექნება სახელმწიფოებრივ დანაშაულთან, რომელიც დანაშაულს აფარებს ხელს. გიორგი გახარიამ ბადრი ჯაფარიძეს სთხოვა შეხვედრა და ასეც მოხდა.
ის მაშინ მინისტრი იყო და რა თქმა უნდა, ჩვენთან არ მოვიდოდა ოფისში, მივიდა ბადრი. მან გადმოსცა წერილი და ეს ყველამ იცის. მე არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო, გახარიას სასარგებლოდ მინდა ვთქვა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის წერილი არ იყო გახარიას მიერ დაწერილი და შეიძლება შეწუხებულიც კი იყო, რადგან ეს როლი მოირგო”, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.