„საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, 21 სექტემბერს გაერო–ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოვა,“ – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციიდან იუწყებიან.
მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად, ნიუ-იორკს 18-22 სექტემბერს ეწვევა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
პრემიერმინისტრი ასევე სიტყვით მიმართავს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მაღალი დონის ღონისძიების მონაწილეებს, რომელზეც საქართველო OGP-ის თავმჯდომარეობას ერთი წლით საფრანგეთისგან გადმოიბარებს.
საქართველო OGP-ის ისტორიაში პირველად გახდა 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის (ინიციატივის) თავმჯდომარე. OGP-ის მაღალი დონის ღონისძიება გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში გაიმართება.
გენერალურ ასამბლეაზე წელს 172 საკითხის განხილვა იგეგმება, მათ შორისაა „გაჭიანურებული კონფლიქტები სუამ-ის ქვეყნებში და მათი გავლენა საერთაშორისო მშვიდობაზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე“.
ასამბლეის ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია მდგრად განვითარებასთან, კონფლიქტებთან, განიარაღებასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობაც.