ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამბროლაურის აეროპორტს ნიკო ლეკიშვილის სახელი მოუხდებოდა.
ამის შესახებ კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„პოზიტიური და ოდნავ გაკვირვებული „კაცო!“ და მერე პატარა დაფიქრებული პაუზა – ასეთი საუბრის წამოწყება იცოდა.
სულ რაჭაზე ან თბილისზე მესაუბრებოდა ხოლმე, პირადი საკითხით არასოდეს მოუმართავს. 2016 წლის ერთ დღესაც მოვიდა მთავრობის ადმინისტრაციაში, ჩემს ოფისში. იმ დღის საუბარი ამბროლაურზე დაიწყო: „კაცო, ამბროლაურში ძველ დროს იყო ძალიან საჭირო აეროპორტი, სამწუხაროდ ყველამ მიივიწყა ეგ ამბავი…“
შევკრიბე გუნდი იმ საღამოსვე, სასწაულად ვიმუშავეთ ყველამ – რამდენიმე თვეში ნულიდან დავაპროექტეთ, ავაშენეთ და 2017 წლის ძველით ახალ წელს საზეიმოდ გავხსენით ამბროლაურის ულამაზესი აეროპორტი. საოცრად ემოციური დღე იყო. მეცხრე ცაზე ვიყავით ყველა და განსაკუთრებით იდეის ავტორი ჩვენი ბატონი ნიკო.
ეს უპირველესად რაჭველების და, რა თქმა უნდა, დღევანდელი ხელისუფლების პრეროგატივაა, მაგრამ მოკრძალებულად ვიტყვი: იმ აეროპორტს ნიკო ლეკიშვილის სახელი მოუხდებოდა“, – წერს გიორგი კვირიკაშვილი.