LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი: „ვფიქრობ, ნანა ჯანელიძემ გამოიჩინა მოქალაქეობრივი გამბედაობა ასეთი, თუნდაც საკმაოდ პროვოკაციული ფორმით ეთქვა სათქმელი და ამისთვის ინკვიზიციას ნამდვილად არ იმსახურებს“

211
Untitled design (4)

„დიდი ხანია, რაც პოლიტიკაზე ჩემი მოსაზრებების გამოთქმისაგან თავს ვიკავებ და მომავალშიც არ ვგეგმავ ამ მიმართულებით აქტივობას, თუმცა დღეს თავი ვალდებულად ჩავთვალე, საჯაროდ მოკლედ გამომეთქვა ჩემი აზრი არა იმდენად ფილმზე „იარე ლიზა“, არამედ იმ პროცესების ხასიათზე, რაც აღნიშნული ფილმის დღის შუქზე გამოსვლამ გამოიწვია“, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კვირიკაშვილი აღნიშნავს, „ნანა ჯანელიძემ გამოიჩინა მოქალაქეობრივი გამბედაობა, ასეთი (თუნდაც საკმაოდ პროვოკაციული) ფორმით ეთქვა სათქმელი და ამისთვის ის ინკვიზიციას არ იმსახურებს“.

„ვალდებულად ვთვლი თავს ორი მიზეზის გამო: პირველი, რადგანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხვდა პატივი, ვყოფილიყავი ქვეყნის ხელისუფლების სათავეში და ამიტომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა, ანტისაოკუპაციო და შერიგების პოლიტიკა, საზოგადოებისთვის ჩემი პოზიციის თქმა მუდმივ მოვალეობად მიმაჩნია; მით უფრო, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური და პოზიტიური ინიციატივის – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისათვის“ – ინიციატორი და ავტორი გახლდით თანაგუნდელებთან ერთად.

მეორე მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე საჯაროდ გამომეხატა პოზიცია, გახლავთ ჩემი მორალური ვალდებულება ფილმის ავტორის მიმართ, საჯაროდაც ვთქვა ის, რაც მას პირადად ვუთხარი, როცა მომეცა საშუალება, მენახა ფილმი კინოთეატრებში გამოსვლამდე – მით უმეტეს, ახლა, როცა რეჟისორის მიმართ ხორციელდება უპრეცედენტო და დაუმსახურებელი შეტევა.

სანამ სათქმელს ვიტყოდე, მინდა გამოვხატო ტკივილის თანაზიარობა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ამ ფილმმა იარა და ტრაგედია განუახლა და მათ მიმართაც, ვისთვისაც ფილმის იდეა თუ მხატვრული ფორმა მიუღებელი აღმოჩნდა – არასოდეს მექნება იმის პრეტენზია, რომ ბოლომდე ვგრძნობ, რასაც იმ ჯოჯოხეთში გამოვლილი ადამიანები დღესაც განიცდიან და ალბათ ეს ემოცია სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვებათ.

ვფიქრობ, რომ „იარე ლიზა“ არ გადაუღია ავტორს იმისათვის, რომ ის პოლიტიკოსებისთვის სამომავლოდ გზამკვლევი გამხდარიყო, არც ისტორიული ჭეშმარიტების დადგენის ამბიცია გააჩნია მის ავტორს.

ყველაზე დადებითი, რაც ამ ფილმმა უნდა მოიტანოს და ვიქრობ, რისთვისაც ფილმი შეიქმნა, არის ის, რომ საზოგადოებაში დაიწყოს ფიქრი, როგორ ვესაუბროთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს. ის, რომ რუსეთია მომხდარი ბოროტების მთავარი აქტორი, რომელმაც ასევე, საუბედუროდ, შეძლო, აემოქმედებინა საბჭოთა იმპერიის მიერ ათწლეულების განმავლობაში ჩადებული ყველა ნაღმი, ფილმს არც ერთ მომენტში არ გაუხდია სადავოდ. არც ანტისაოკუპაციო და არაღიარების პოლიტიკას აყენებს ამ ფილმით ვინმე კითხვის ნიშნის ქვეშ.

ფილმის მთავარი სათქმელი, როგორც ეს მე, ერთმა ადამიანმა, დავინახე, არის ის, რომ რუსეთთან თანმიმდევრული უკომპრომისო საგარეო პოლიტიკის პარალელურად აფხაზებთან და ოსებთან გულახდილი საუბარია საჭირო – საუბარი, რომელიც დაფუძნებული იქნება როგორც ქართველების, ასევე აფხაზების და ოსების უდიდესი ტკივილის აღქმაზე და თანაზიარობაზე.

უფრო ზოგადად კი, და ეს მარტო ამ ფილმს არ ეხება, არის ეროვნული დონის საკითხები, რომელთა ირგვლივაც თუნდაც კარდინალურად განსხვავებული პოზიციის ადამიანებმა თუ ვერ შევძელით დასხდომა და ერთმანეთის შეურაცხყოფის გარეშე არგუმენტებით მსჯელობა, რომელმაც შესაძლოა ყოველთვის ვერც მიგვიყვანოს საერთო პოზიციამდე, მაშინ ჩვენ ვერასოდეს შევდგებით იმ საზოგადოებად, რომელიც საკადრისი იქნება ჩვენი ერის წარსულის და კაცობრიობის ცივილეზებული თანამედროვეობის, და რომელიც უნდა გახდეს შემოქმედი ჩვენი შვილების ღირსეული მომავლის.

მე ვფიქრობ, ნანა ჯანელიძემ გამოიჩინა მოქალაქეობრივი გამბედაობა ასეთი (თუნდაც საკმაოდ პროვოკაციული) ფორმით ეთქვა თავისი – ერთი ადამიანის, რომელსაც უდავოდ სტკივა ეს პრობლემა – სათქმელი, და ამისთვის ის ინკვიზიციას ნამდვილად არ იმსახურებს“, – წერს გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში.

 

დიდი ხანია, რაც პოლიტიკაზე ჩემი მოსაზრებების გამოთქმისაგან თავს ვიკავებ და მომავალშიც არ ვგეგმავ ამ მიმართულებით…

Posted by Giorgi Kvirikashvili on ხუთშაბათი, 28 სექტემბერი, 2023

 

ცნობისათვის, ნანა ჯანელიძის ფილმის „იარე ლიზა“ პრემიერა 21 სექტემბერს შედგა. ფილმის შინაარსმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია, რასაც სოციალურ ქსელში ეხმაურება თავად ფილმის რეჟისორიც და აღნიშნავს, რომ ფილმის მისია მივიწყებული და ანესთეზირებული ტკივილის გაღვიძება, ფიქრი, კამათი და გამოსავლის ერთად ძიებაა.

„როგორ შეიძლება არ დაეთანხმო თეა წულუკიანს, რეჟისორი ნანა ჯანელიძე აკრიტიკებდა არგუმენტით, რომ ვითომ კინოს დაცვას ცდილობდა მისგან, ახლა აღმოჩნდა, რომ კინემატოგრაფია თავად ჯანელიძისგან გახდა დასაცავი“ – წილოსანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g