LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ქინქლაძე: სიამოვნებით ვითამაშებდი სიტიში (ფოტოები)

219

„მანჩესტერ სიტი“ დღეს სულ სხვა გუნდია, ვიდრე გიორგი ქინქლაძის დროს იყო, წარმატებებიც მოვიდა, მაგრამ პუბლიკა ქართველს ვერ ივიწყებს და ქინქი დღემდე სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობს „ქალაქელთა“ გულშემატკივრებში.

ლეგენდარული ფეხბურთელი მანჩესტერში იმყოფებოდა, სადაც საფეხბურთო მაისურების მაღაზია Classic Football Shirt-ის ცენტრალურ ფილიალში მივიდა და „სიტის“ ფანებს შეხვდა. გიორგიმ ავტოგრაფები და გადაიღო ფოტოები დაარიგა:

„ძალიან კარგი იყო, ძალიან ბედნიერი ვარ. მანჩესტერში ხშირად ჩამოვდივარ და ახლაც ვგრძნობ ფანების სიყვარულსა და პატივისცემას. ამას რა თქმა უნდა, ვაფასებ.

თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი უფროსი ვაჟი ნატსფორდში (მანჩესტერიდან 23 კილომეტრში) ცხოვრობს და ამიტომაც, აქ ხშირად ჩამოვდივარ. ჩემს მეგობრებსაც ვნახულობ და როდესაც „სიტი“თამაშობს, სტადიონზე მივდივართ“, – თქვა ქინქლაძემ.

სიამოვნებით ვითამაშებდი ამ სიტიში

„რა თქმა უნდა, მომწონს დავიდ სილვა. ის ტოპ ფეხბურთელია. აგრეთვე მომწონს სერხიო აგუერო და კევინ დე ბრუინი. ყველა ნახევარმცველი და თავდამსხმელი ძალიან კარგია. შესანიშნავია საყურებლად და მათთან თამაში ძალიან ადვილია. სიამოვნებით ვითამაშებდი გვარდიოლას გუნდში. მომწონს სათამაშო სტილი და ის ფეხბურთელები, რომლებიც ახლა „მან სიტის“ ჰყავს. ძალიან მომწონს“, – უთხრა ბრიტანულ გამოცემას ჩვენებურმა.

ჩემპიონები გავხდებით, ლიგა ჯერ ადრეა

ქინქლაძეს ძალიან კარგად ახსენდება 2012 წლის დრამატული სეზონი, როდესაც „სიტიმ“ ინგლისის ჩემპიონის ტიტული 44-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიგო:

„ფანებისთვის ეს საუკეთესო მომენტი იყო და ახლა მე ვარ ერთ-ერთი გულშემატკივარი. ასე რომ, ეს იყო ფანტასტიკური დღე ჩემთვის და „სიტის“ ქომაგებისთვის“.

ქართველი ყოფილ გუნდს ახლაც ქომაგობს და მიაჩნია, რომ პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულს შეინარჩუნებს:

„ვფიქრობ, „სიტი“ ჩემპიონი გახდება. ჩემი აზრით, „ლივერპული“ ძალიან ახლოს იქნება სეზონის ბოლოს, მაგრამ „სიტის“ ტიტულის შენარჩუნებას შეძლებს“.

სამაგიეროდ, ქინქლაძე „სიტის“ შანსს ჩემპიონთა ლიგაზე უფრო პესიმისუტრად აფასებს:

„სამართლიანები უნდა ვიყოთ, ჩემპიონთა ლიგაზე „სიტის“ დიდი გამოცდილება არ აქვს და ვფიქრობ ეს სირთულეებს შეუქმნის. ამის დროც მოვა, მაგრამ ახლა ამას ვერ ვხედავ, რადგან უფრო მეტია საჭირო ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები