„ჯემ ფესტის“ დამფუძნებელი, გიორგი სიგუა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება.
როგორც გუშინ გახდა ცნობილი, “ჯემ ფესტის” ფინანსურ საკითხებზე გამოძიება დაიწყო. თუმცა, როგორც სიგუამ დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, მისი დაკითხვა ფინანსურ დარღვევებს არ უკავშირდება და დაკითხვაზე გარკვეული ნივთის დაზიანების ფაქტზეა დაბარებული, რომელიც არც „ჯემ ფესტის“ ჩატარებას და არც მას უშუალოდ არ ეხება.
მისივე თქმით, ის მზადაა გამოძიების ყველა კითხვას პასუხი გასცეს.
„როგორც ახლა ადვოკატთან ერთად გავარკვიე, საქმე არ არის აღძრული არც ჩემ და არც „ჯემ ფესტის“ წინააღმდეგ, არამედ აღძრულია რაღაც ფაქტზე, რომ ვიღაცას რაღაც ქონება დაუზიანდა, რაშიც ჩვენ არავინ გვადანაშაულებს. ცოტათი გაუგებარია ეს ყველაფერი, ამიტომაც მოვედი აქ და ჩამოვედი საქართველოში, რომ გავარკვიო, რატომ ამოიღეს სრული დოკუმენტაცია ჩვენი ოფისიდან, რატომ წაიღეს კომპიუტერები, რას ეძებენ და რისი პოვნა უნდათ,“ – განაცხადა გიორგი სიგუამ.
რაც შეეხება ფინანსურ დარღვევებს, „ჯემ ფესტის“ დამფუძნებელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მის კომპანიას არც ერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მიუღია.
„სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფული გადაერიცხათ პირდაპირ იმ არტისტებს, რომლებმაც დაუკრეს “ჯემ ფესტზე“, დანარჩენი ფული ჩვენ გადავიხადეთ. რა ფინანსურ დარღვევებზე შეიძლება იყოს საუბარი, წარმოდგენა არ მაქვს, ახლა შევალ და გავარკვევ,“ – განაცხადა სიგუამ.