თბილისში „გირჩის“ მერობის კანდიდატი იაგო ხვიჩია იქნება.
თბილისის მერობის კანდიდატი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ჰერმან საბომ წარადგინა.
მისი თქმით, იაგო ხვიჩია კანდიდატად პრაიმერიზით შეირჩა.
ჰერმან საბომ თბილისის საკრებულოს წევრობის სამი კანდიდატი დაასახელა – დათო ფანჯაკიძე, გიორგი გვენეტაძე და ეკა ონიანი.
ხვიჩიას განცხადებით, თბილისი უნდა გახდეს მეგაპოლისი და კავკასიის ეკონომიკური ცენტრი.
„მადლობა მათ, ვინც ღირსად ჩამთვალა აქ ვმდგარიყავი. რატომაც უნდა ამირჩიოთ, არის ეს გუნდი, რომლითაც წარვდგები თბილისელი ამომრჩევლის წინაშე. არავის ჰყავს სანდრო რაქვიაშვილი, ჰერმან საბო, დათო ფანჯაკიძე, გიორგი გვენეტაძე, ეკა ონიანი. აქ ხალხი შერჩეულია საკუთარი პრინციპების და მორალის, კვალიფიკაციის მეშვეობით. ჩვენ თავხედურადაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზად ვართ ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას ნებისმიერ დებატებში, რომელიც შეეხება ქალაქის კეთილდღეობას, დაუჯდეთ.
ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელსაც უნდა ამ ქალაქისგან მეგაპოლისი გამოვიდეს. ძირითადად პოლიტიკოსები „ჩალიჩობენ“ აქედან სოფელი გამოვიდეს. ჩვენ გვინდა, რომ თბილისი გავათავისუფლოთ ზედმეტი ტვირთისგან. გვინდა , რომ ამ ქალაქისგან არა სოფელი გამოვიდეს, არამედ ნიუ-იორკი. თბილისი უნდა იყოს კავკასიის ეკონომიკური ცენტრი.
ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც არ იმუქრება შურისძიებით. ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც ამბობს, რომ უნდა შევრიგდეთ. ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც ამბობს, რომ მზად ვართ თანამშრომლობისთვის“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ სიტყვით გამოსვლისას.
ცნობისთვის, თბილისის მერობის ორი კანდიდატი უკვე დასახელებულია.
ქართულმა ოცნებამ“ კახა კალაძე წარადგინა.
„ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე იქნება.