LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანში ერთი თვის წინ საზეიმოდ გახსნილი პარკი ვანდალურად დაარბიეს [ფოტოები]

970
BeFunky-collage

ერთი თვის წინ, საზეიმოდ გახსნილ გლდანის პარკში ვანდალიზმის ფაქტები დაფიქსირდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის დღევანდელ  სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა სიხარულით შეხვდა ახალი პარკის გახსნას, ერთი თვის თავზე, პარკი ვანდალურად დარბეულია. დაზიანებულია ინფრასტრუქურა, სკამები და კედლები.

კალაძემ მერიის შესაბამის სტრუქტურებს უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით ზომების გამკაცრება მოსთხოვა და ამასთან, მოსახლეობას მოუწოდა მსგავსი ვანდალური ფაქტების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას.

“სამწუხაროდ უნდა ვთქვა, ძალიან არ მსიამოვნებს ამაზე რომ მიწევს დღეს საუბარი, გვაქვს ვანდალიზმის ფაქტები. დღეს, შემიძლია გითხრათ, რომ პარკი არის დაზიანებული, გაუბედურებული. ერთი თვის წინ გავხსენით, ყველა ბედნიერი და გახარებული იყო ჩატარებული სამუშაოებით და დღეს, ჩვენ ვხედავთ კონკრეტულ ადგილებს, რომელიც არის დალეწილი, დარბეული, რაც ძალიან მძიმეა.

 

 

ის, რასაც ვაკეთებთ, ეს ყველაფერი კეთდება თქვენი ფულით, როდესაც ჩვენ ხელფასს ვიღებთ, გარკვეული გადასახადი მიდის ცენტრალურ ბიუჯეტში, შესაბამისად ეს თანხები იხარჯება იმისთვის, რომ ქალაქში, ქვეყანაში, სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს. მე მინდა მოვუწოდო ყველას, ჩვენ ნამდვილად არ შევეგუებით ვანდალიზმს და თავს არ დავუხრით. მინდა დავავალო ჩვენს სამსახურებს, რომ მაქსიმალურად გავამკაცროთ ზომები, ეს იქნება როგორც უსაფრთხოების სამსახური, ასევე მუნიციპალური ინსპექცია. თუ საჭიროა, დაამატეთ კამერები და დავაყენოთ ადამიანები, ვინც დროებით მაინც პატრულირებას გაუწევს, თუმცა მგონია, რომ ასევე ადგილობრივი მოსახლეობაც უნდა დაგვეხმაროს, ეს მათი საკუთრებაა, მათი თხოვნით გაკეთდა ეს პროექტი”, – განაცხადა კალაძემ.

ახლად რეაბილიტირებული პარკი გლდანის მე-6 მიკრორაიონის N7 და N20 კორპუსებს შორის მდებარეობს.

რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგა ამფითეატრი, ფანჩატურები და შადრევანი; განახლდა საპარკე ავეჯი; მოეწყო კალათბურთის მოედნის საფარი და ტრიბუნა; რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ატრაქციონებს;

განახლდა ძაღლების სასეირნო სივრცე; აღდგა დაზიანებული ასფალტის საფარი და გადასასვლელი ხიდი; მოეწყო ველობილიკი, ასევე, განახლდა გარეგანათების და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.

სკვერში ახალდარგულ 356 ხეს და 60 ძირ ბუჩქს, დაემატა სხვა მწვანე ნარგავებიც, მათ შორის თუთა, წყავის ბუჩქები და წითელი ნეკერჩხლები.

6570 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჰიდროთესვის მეთოდით დაითესა ბალახი, დაიგო 500კვ.მ რულონური ბალახი და ჩატარდა მულჩირების სამუშაოები. სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ბორდიურები, რომლებიც კირქვით მოპირკეთდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები