გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კახაბერ კამლაძეს, საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კამლაძეს ბრალი დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე წარედგინა.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 მაისს, საღამოს საათებში, თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდნენ გ. მ. და კერძო პირის დაცვის თანამშრომელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ.
გოგებაშვილის ქუჩის გადამკვეთი, ბაშალეიშვილის ქუჩიდან მოულოდნელად გ.მ.-ს მიუახლოვდა ს.გ. და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ფეხების მიმართულებით. მიღებული დაზიანებების შედეგად, გ.მ. ძირს დაეცა.ს.გ. მიუახლოვდა ძირს დაცემულ გ.მ.-ს და კვლავ განახორციელა გასროლა მისი ფეხების მიმართულებით. ს.გ.-მ გ.მ.-ს ყველა დაზიანება ქვედა კიდურების არეში მიაყენა, რის შემდგომ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.
მიუხედავად იმისა, რომ ს.გ.-მ შეწყვიტა სროლა გ.მ.-ს მიმართულებით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა კ.კ.-მ, თანნაქონი „გლოკ 17“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით, რამდენჯერმე გაისროლა ს.გ.-ს მიმართულებით. მიყენებული ჭრილობების შედეგად ს.გ. ადგილზე გარდაიცვალა. კ.კ.-ს ბრალდება დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობისათვის წარედგინა.
საქართველოს პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს
თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად მოკლულია ერთი, ხოლო დაჭრილია ორი ადამიანი