პანკ-როკ ჯგუფი – Green Day საიუბილეო, მე-60 ,,სუპერ ბოულის” გახსნის ცერემონიალზე წარდგება და NFL-ის ამ საკულტო ღონისძიების ექვსათწლეულიან ისტორიას განსაკუთრებულ შოუს მიუძღვნის.
ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგის განცხადებით, ,,გრემის” ოთხგზის მფლობელი კოლექტივი მშობლიურ კალიფორნიას დაუბრუნდება, რათა სხვადასხვა თაობის საუკეთესო მოთამაშეებს (MVP) პატივი მიაგოს და ისინი მოედანზე საზეიმოდ გააცილოს.
ჯგუფის წევრები — ბილი ჯო არმსტრონგი, მაიკ დირნტი და ტრეი ქული — სადღესასწაულო განწყობას შექმნიან სხვა პოპულარული შემსრულებლებისთვის. როგორც ცნობილია, წინასამატჩო პროგრამაში ასევე მონაწილეობენ: ჩარლი პუსი, ბრენდი კარლაილი და კოკო ჯონსი.
წინასწარი ინფორმაციით, პუსი აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნს შეასრულებს, კარლაილი ამერიკულ პატრიოტულ სიმღერას – America the Beautiful, ხოლო ჯონსი ,,შავკანიანთა ეროვნულ ჰიმნს” – Lift Every Voice and Sing იმღერებს.
ცნობილია, ვინ მიიღებენ მონაწილეობას ,,სუპერ ბოულის” მუსიკალურ ნაწილში
„აღფრთოვანებულები ვართ, რომ მე-60 სუპერბოულს სწორედ ჩვენ მშობლიურ მხარეში ვხსნით!“ — ნათქვამია ბილი ჯო არმსტრონგის განცხადებაში. „ჩვენთვის დიდი პატივია იმ ლეგენდარული მოთამაშეების დახვედრა, რომლებმაც ამ თამაშის ისტორია შექმნეს. მზად ვართ, მთელი მსოფლიოს გულშემატკივრებისთვის დაუვიწყარი საღამო მოვაწყოთ.“
ცნობისთვის, საზეიმო გახსნის შემდეგ მაყურებელი წლის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ მოვლენას, ტრადიციულ ,,ჰალფთაიმ შოუს” (Halftime Show) იხილავს, რომლის მთავარი ვარსკვლავიც – Bad Bunny იქნება. პუერტორიკოელმა სუპერვარსკვლავმა უკვე გამოაქვეყნა შოუს თიზერი, რომელიც ერთიანობის იდეას ეძღვნება და მისი მთავარი სლოგანია: „მთელი მსოფლიო იცეკვებს“.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატის ფინალი, 8 თებერვალს გაიმართება.