16 წლის თინეიჯერ ეკო აქტივისტს გრეტა ტუნბერგს ექსპერტები, თავისი ემოციური გამოსვლის გამო, ნობელის პრემიის მიღებას უწინასწარმეტყველებენ.
“მასობრივი გადაშენების პირას ვართ, თქვენ კიდევ ფულსა და მარადიული ეკონომიკური განვითარების ზღაპრების გარდა არაფერზე შეგიძლიათ ლაპარაკი. როგორ ბედავთ!” – ასე მიმართა სკოლის მოსწავლემ 60-მდე ქვეყნის ლიდერს.
16 წლის გოგონამ სიტყვით გამოსვლის დროს, ცრემლები ვერ შეიკავა.
თქვენ მე ოცნებები და ბავშვობა წამართვით – 16 წლის გოგონას ემოციური გამოსვლა გაეროს სამიტზე
ტუნბერგის გამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა „ტვიტერში“ გაერო-ს კლიმატურ სამიტზე გრეტა ტუნბერგის გამოსვლა გააზიარა და დაწერა:
„ჩანს, რომ ის ძალიან ბედნიერი ახალგაზრდა გოგონაა, ნათელი და მშვენიერი მომავლის მოლოდინში, ისეთი კარგი სანახავია“, – წერს დონალდ ტრამპი.
გოგონას გამოსვლა უყურადღებოდ არ დატოვა რუსეთის პრეზიდენტმაც. პუტინმა ტუნბერგი “კეთილ, მაგრამ ცუდად ინფორმირებულ თინეიჯერად” დაახასიათა.
“შეიძლება იმედი გაგიცრუოთ, მაგრამ არ ვიზიარებ აღფრთოვანებას გრეტა ტუნბერგის გამოსვლის მიმართ. კარგია, რომ ახალგაზრდები აქცევენ ყურადღებას სერიოზულ პრობლემებს, მათ შორის ეკოლოგიას და, რა თქმა უნდა, მათ მხარი უნდა დავუჭიროთ. თუმცა, როცა ბავშვებს ვიღაც პირადი მიზნებისთვის იყენებს, ეს კრიტიკას იმსახურებს. კეთილი, მაგრამ ცუდად ინფორმირებული თინეიჯერია”, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
გოგონა ნობელის პრემიაზე მას შემდეგ წარადგინეს, რაც სკოლის გაფიცვის დაწყების შემდეგ, მან მილიონობით ადამიანი შთააგონა, რომ შეერთებოდნენ სამოქალაქო მოძრაობას “პარასკევი მომავლისთვის”. მოძრაობა შთააგონებს სკოლის ასაკის ბავშვებს, რომ დროულად გადავიდნენ მოქმედებაზე, ყველამ ერთად ავიცილოთ კლიმატის შემდგომი ცვლილებები.
ცნობისთვის, ტუნბერგმა მოძრაობა შვედეთის პარლამენტის წინ მარტომ დაიწყო და შემდეგ მას მილიონობით ბავშვი შეუერთდა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ტუნბერგს დიდი წვლილი მიუძღვის მშვიდობის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში. ამასთან მათი პროგნოზი დიდ გაურკევლობას ქმნის მანამ, სანამ ნობელის პრემიის კანდიდატების საჯარო სია არ გამოქვეყნდება.
”ის, რაც მან გასულ წელს გააკეთა, არაჩვეულებრივია”, – თქვა დენ სმიტმა, სტოკჰოლმის საერთაშორისო სამშვიდობო კვლევის ინსტიტუტის დირექტორმა.
”კლიმატის ცვლილება არის საკითხი, რომელიც მტკიცედ არის დაკავშირებული უსაფრთხოებასთან და მშვიდობასთან” – აღნიშნა მან.
აღსანიშნავია ისიც, რომ თუ გრეტა ნობელის პრემიას მიიღებს, ის იქნება ამ ჯილდოს ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი. პაკისტანელმა მალალა იუსუფზაიამ ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 17 წლის ასაკში მიიღო.
„იწყება სიცოცხლის მასობრივი განადგურება“ – შვედი მოზარდის ემოციური გამოსვლა გაეროს კლიმატის სამიტზე (ვიდეო)