LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიის საყოველთაო ინტენეტიზაცია იწყება: მსგავსი ხარისხის ინტერნეტი, ასეთ დასახლებულ პუნქტებში არასდროს ყოფილა

223
IMG-7199

საქართველოს მთავრობის მიერ შერჩეულ საპილოტე რეგიონში, საიდანაც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება დაიწყება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, აკაკი საღირაშვილი და  „ოუფენ ნეტის“ ხელმძღვანელი მარიამ  სულაბერიძე ჩავიდნენ.

სამინისტროს წარმომადგენლები  გურიის სახელმწიფო რწმუნებულთან,  ზურაბ ნასარაიასთან ერთად იმ დასახლებული პუნქტების ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდნენ, რომლებიც მალე ოპტიკური ინტერნეტით დაიფარება.

ოზურგეთში ასევე იმყოფებოდა კომპანია „პარვუს  ჯგუფი,“ რომელიც, „ოუფენ ნეტთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად,  ოზურგეთის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობას განახორციელებს. საპილოტე ქსელის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტის პირველი ეტაპია დიზაინის შემუშავება, რის შემდეგაც უკვე ქსელის მშენებლობა იწყება. პროგრამის საპილოტე რეგიონის შერჩევის კრიტერიუმებისა და თეთრი ზონის სამიზნე გეოგრაფიულ არეალებში არსებული დასახლებული პუნქტებისა და მოსახლეობის რაოდენობის, ასევე პროექტის შემჭიდროებულ ვადებში განხორციელების შესაძლებლობის გათვალისწინებით, საპილოტე პროექტი განხორციელდება გურიის რეგიონის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომლის ძირითადი პარამეტრებია: დასახლებული პუნქტების რაოდენობა – 49, შინამეურნეობა – 8 516, მოსახლეობის რაოდენობა – 28 576 მოსახლე, ოპტიკური კაბელის საორიენტაციო სიგრძე – – 145 კმ.

„მსურს ოზურგეთის მოსახლეობას და მთლიანად რაიონს მივულოცო ინტერნეტიზაციის პროექტის დაწყება. ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ შერჩეული საპილოტე რეგიონის 49 დასახლებული პუნქტი, რომლებსაც, მიმდინარე წლის ბოლოს უკვე ექნებათ წვდომა უმაღლესი ხარისხის ოპტიკურ-ბოჭკოვან სწრაფ ინტერნეტთან. ეს არის  იმ დიდი პროექტის დასაწყისი, რომელსაც მსოფლიო ბანკთან ერთად ვგეგმავთ და რომელიც გულისხმობს მთელი საქართველოს ინტერნეტიზაციას – ეს არის დაახლოებით 1064 დასახლებული პუნქტი და ნახევარი მილიონი ჩვენი მოსახლის შესაძლებლობა, ისარგებლოს მაღალი ხარისხის ინტერნეტით“ – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა ოზურგეთში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა,  სადაც გურიის სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად ის საკითხები განიხილეს, რომლებიც მნიშვნელოვანია პროგრამის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად  განხორციელებისთვის.

 

აკაკი საღირაშვილის შეფასებით, ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა, პრაქტიკულად, არის გარღვევა ამ სფეროში, ვინაიდან აქამდე არც საქართველოში და არც რეგიონში, მსგავსი ხარისხის ინტერნეტი, ასეთ დასახლებულ პუნქტებში არასდროს ყოფილა.

„კორონავირუსმა და პანდემიამ უფრო მნიშვნელოვნად გამოაჩინა ის საჭიროება, რომელიც გულისხმობს  წვდომას მაღალი ხარისხის ინტერნეტთან, წვდომას ისეთ მომსახურებებთან, როგორიც არის ელექტრონული ჯანდაცვა, ელექტრონული განათლება, ელექტრონული მმართველობა, ელექტრონული კომერცია და სხვა თანამედროვე სერვისები“ – აღნიშნა აკაკი საღირაშვილმა.

შეხვედრის მონაწილეებს პროექტის შესახებ დეტალური პრეზენტაცია „ოუფენ ნეტის“ ხელმძღვანელმა, მარიამ სულაბერიძემ წარუდგინა.

მნიშვნელოვანია, რომ აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ნებისმიერი ოპერატორისთვის თავისუფალი, შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული პირობებით „ღია დაშვების“ მომსახურების მიწოდებას. შემუშავებული მოდელით ოპერატორებს მიეცემათ შესაძლებლობა  განავითარონ საკუთარი ქსელები და ბოლო მომხმარებელს მიაწოდონ  ხარისხიანი ინტერნეტი“ – განაცხადა “ოუფენ ნეტის“ დირექტორმა, მარიამ სულაბერიძემ.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის განსახორციელებლად „ოუფენ ნეტმა“ ბაზრის/ფასთა კვლევა მიმდინარე წლის 9 მარტიდან  გამოაცხადა, რომლის საფუძველზეც საუკეთესო წინადადების მქონე კომპანია –  შპს „პარვუს ჯგუფი“ შეირჩა. კომპანიას განხორციელებული აქვს არაერთი მასშტაბური სახელმწიფო და კერძო პროექტი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g