ტელეწამყვანი გვანცა დარასელია ნანკა გვარის პოდკასტში „მარტოობის 15 წუთი“ საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომლებმაც მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა გამოიწვია.
„დედა რომ არ მყოლოდა ისეთი, როგორიც მყავს, ალბათ ვერაფერს მივაღწევდი. ასე ფეხებში რომ მოკიდებ ადამიანს ხელს და სადღაც მიათრევ, ზუსტად ეგეთი ადამიანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი საკუთარ თავში, მჭირდებოდა ეს ხელის კვრა,“ – აღნიშნავს წამყვანი.
გვანცა დარასელია ამბობს, რომ წარმატება შინაგანი ძალის, შრომისა და გარემოს ერთობლივი შედეგია:
„ეს შესაძლებლობები მომეცა, მაგრამ ჩემი შრომაც დიდი იყო. ზუსტად ის ვარ, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი. ჩემს ოჯახში ძირითადად ექიმები იყვნენ, მაგრამ მე სხვა გზას მივყევი, ტელევიზია ჩემთვის ბუნებრივი სივრცე აღმოჩნდა.“
წამყვანის თქმით, ტელევიზიიდან წასვლა მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო.
„ტელევიზიაში აღარ ვარ და ეს ჩემთვის ოჯახის დანგრევის მსგავსი იყო. ზუსტად იგივე ემოცია გამოვიარე, რასაც ამ დროს გადიან ადამიანები. ეს გადაწყვეტილება კარგად ნაფიქრი იყო, მაგრამ ძალიან გამიჭირდა. დიდი ხანი „ვჯღაოდი“.. რაღაცა გაწყდა, რაც ვიცოდი, რომ აღარ დაბრუნდებოდა,“ – ამბობს დარასელია.
გვანცა დარასელია ამბობს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ სტაგნაცია იგრძნო, რამაც მის გადაწყვეტილებაზე იმოქმედა:
„საქმე უკვე რუტინად იქცა, ყოველდღე ეთერში ვიყავი და მივხვდი, რომ უკვე აღარ ვემზადებოდი ეთერისთვის, თითქოს უპასუხისმგებლოდ ვეკიდებოდი. მაშინ მივხვდი, რომ ცვლილების დრო იყო.“ – ამბობს გვანცა დარასელია.
