Georgian Airways-ის ყოფილი დირექტორი და მოსკოვის და საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლებას ქართველი ხალხის სახელით საქართველოსა და რუსეთს შორის ავიარეისების აღდგენის თხოვნით მიმართეს.
როგორც ბოკერია bm.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, ის ესწრებოდა 7 დეკემბერს მოსკოვში რუსეთის სახელმწიფო დუმის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ფორუმს, სადაც “რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციის ასპექტები განიხილეს”.
ბოკერიას თქმით, რუსეთიდან ავიარეისების აღდგენის შესახებ პირველი პასუხი და მზადყოფნა სერგეი ლავროვისგან საჯაროდ მოისმინეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 18 იანვარს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო ავიამიმოსვლა მალე აღდგება.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ხალხს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება - ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნის ვაჟკაცობა, არ შეუერთდეს სანქციებს, პატივისცემას იწვევს“ – ლავროვი
2022 წლის რუსული დიპლომატიის საქმიანობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა მალე აღდგება.
„7 დეკემბერს რუსეთში შედგა საქართველოს დიასპორის და რუსეთის დუმის ინიციატივით შეხვედრა, სადაც განვიხილეთ და [რუსებს] ვთხოვეთ, რომ უბრალო ხალხი, ქართველები ვინც ვიჩაგრებით, ვისაც არ გვაქვს კომფორტული მიმოსვლის საშუალება, რატომ გვჩაგრავთ? რატომ შეწყვიტეთ ეს რეისები? გვჭირდება ეს რეისები, ეკონომიკისთვის, მშვიდობისთვის გვჭირდება. ამ შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება რუსეთის ხელმძღვანელობას გადაეგზავნა, რომ აღდგეს ავიარეისები. გუშინ გავიგეთ პირველად რეალური გამოძახილი, მზადყოფნა, რომ აღდგეს პირდაპირი ავიარეისები საქართველოსა და რუსეთს შორის“, – განაცხადა ბოკერიამ.
რომან ბოკერიამ ამავე ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენა „უწინარეს ყოვლისა, ჩვენი ქართველი თანამემამულეებისთვის დახმარებაა“. მისი აზრით, ეს საკითხი არა პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკურად უნდა განიხილებოდეს და ავიამიმოსვლის აღდგენა საქართველოს ეკონომიკის წინსვლისთვის და ქართველების „კეთილდღეობისთვის“ მნიშვნელოვანია.
კალაძე რუსეთთან ფრენის შესაძლო აღდგენაზე - „ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, ეს შეიძლება კარგიც იყოს ჩვენი ქვეყნისთვის“
„შესაძლოა, კარგი იყოს იმ თვალსაზრისითაც, რომ რუსეთში მილიონამდე ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს და პირდაპირი ფრენები ადამიანებს დაეხმარება, თუნდაც, მიმოსვლაში“ - განაცხადა კალაძემ.
„გვინდა თუ არ გვინდა დაკავშირებულები ვართ რუსეთთან. ეს პირდაპირი ავიარეისები, მე ამას არ ვლაპარაკობ როგორც პოლიტიკურ რაღაც საკითხს, მე ვლაპარაკობ როგორც ეკონომიკურ საკითხს, როგორც ბიზნესმენი და როგორც ბიზნესმენი მე ვაფასებ, რომ ჩვენი ეკონომიკის წარმატებისათვის, წინსვლისათვის, ჩვენი ქართველი მოსახლეობის კეთილდღეობისა და კომფორტული მგზავრობისათვის, რასაკვირველია პირდაპირი ავიარეისები რუსეთთან, არა როგორც რაღაც პოლიტიკურ ერთეულთან, არამედ როგორც ბაზართან, როგორც ჩვენი დიასპორის საცხოვრებელთან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა რომან ბოკერიამ.
bm.ge-ის ჟურნალისტის კითხვაზე რამდენად შესაძლებელია რეისების აღდგენა ოკუპანტი ქვეყნისთვის დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების ფონზე, ბოკერია აცხადებს, რომ ყველაფერი საერთაშორისო წესების მიხედვით უნდა მოხდეს. თუმცა ასევე აღნიშნა, რომ რომ საქართველო ისეთ სანქციებს არ უნდა შეუერთდეს, რომლებიც ქართველების ინტერესებს დააზარალებს.
"თუ ფრენები აღდგება, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და მხოლოდ მისასალმებელი იქნება" - კობახიძე რუსეთთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობა მხოლოდ ქვეყნის ინტერესების დაცვის მიზნით მოქმედებს და მათთვის გარე შეფასებები მნიშვნელოვანი არ არის.
„პირდაპირი ავიარეისები ჩვენი ეკონომიკისთვის და ჩვენი 1 მილიონი ქართველისათვის არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ფაქტორი. ვინ იფრენს და როგორ იფრენს ეს შეთანხმებას უნდა მოჰყვეს და უნდა იყოს რეგულირებული ვინ არა, ეს საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე, გეთანხმებით…
ყველა სანქცია უნდა იყოს უწინარეს ყოვლისა ქართველი ადამიანის, უბრალო ადამიანის მოსაზრების და მისი ინტერესების გაზიარება. თუ სანქცია ქართველი ადამიანის წინააღმდეგაა, ეს სანქცია მეც არ მჭირდება. ამიტომაა რომ დღევანდელ ქართველ მთავრობას მხარს ვუჭერ იმაში, რომ უწინარეს ყოვლისა უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობის ინტერესები გათვალისწინებული“, – განაცხადა რომან ბოკერიამ.
წყარო: BM.GE