LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გზა უდიდესი ტრაგედიიდან მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვან ვარსკვლავობამდე – ჯენიფერ ჰადსონის მუსიკალური ისტორია

322
jenifer hadson - 1

ჯენიფერ ჰადსონი ტიტულოვანი ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობია, რომლის კარიერა 13-მდე პრესტიჟულ ჯილდოს ითვლის. მისი ყველაზე დასამახსოვრებელი როლია ბილ კონდონის ფილმი „ოცნების გოგონები“, რომელმაც ჰადსონს „ოქროს გლობუსი“ და „ოსკარის“ პრესტიჟული ნომინაცია მოუტანა. ჰადსონი American Idol-ის 2004 წლის ფინალისტია და მას უკვე აქვს ვარსკვლავი ,,ჰოლივუდის დიდების ხეივანში”.

ჰადსონი 1981 წელს დაიბადა, მისი მშობლები, სემუელ სიმპსონი და დარნელ დორენსონი, პროფესიით მუსიკოსები იყვნენ. ჯერ კიდევ სკოლის ასაკში ჯენიფერი ადგილობრივ ტაძარში მღეროდა. ბავშვობიდან ის არეტა ფრანკლინისა და უიტნი ჰიუსტონის სიმღერებს ასრულებდა, გამოდიოდა სხვადასხვა კონცერტსა და ფესტივალზე. ასე აღმოჩნდა ჰადსონი პოპულარული პროექტის, American Idol-ის კასტინგზე. ჰადსონი კონკურსის ფინალამდე გავიდა, თუმცა გამარჯვება ვერ შეძლო. სამაგიეროდ ის პროდიუსერებმა შეამჩნიეს და მიუზიკლში მონაწილეობა შესთავაზეს.

არნახული წარმატება მოუტანა მიუზიკლმა ,,ოცნების  გოგონები“, სადაც მისი პარტნიორები იყვნენ ბიონსე და ანიკა ნონი როუზი. სწორედ ამ როლმა მოუტანა მას „ოსკარი“ და „ოქროს გლობუსი“. ფილმი რეალურ ამბავზეა გადაღებული და ჯგუფ The Supremes-ის ისტორიას გვიყვება.

კრიტიკოსებმა უმაღლესი შეფასება მისცეს ჰადსონის როლს ფილმში „ვინი მანდელა“, სადაც მან ნელსონ მანდელას ცოლის როლი განასახიერა.

მსახიობის ანგარიშზეა ისეთი ფილმები, როგორიცაა „შავი შობა“, „იმპერია“, „ძილისპირული“  და „მისტერისა და პიტის გარდაუვალი მარცხი“.

ამავე პერიოდში ჰადსონმა ბროდვეის მიუზიკლებში დაიწყო გამოსვლა და ორი ალბომი Jennifer Hudson და I Remember Me გამოუშვა, ორივე მათგანი „გრემის“ ნომინანტი გახდა.

ჯენიფერ ჰადსონი 18 წლიდან ინჟინერს, ჯეიმს პეიტონს ხვდებოდა. ისინი 8 წელი ერთად იყვნენ და დაქორწინებასაც გეგმავდნენ, თუმცა ქორწილი არ შედგა.

შეყვარებულთან დაშორების შემდეგ ჰადსონის ცხოვრებაში უდიდესი ტრაგედია მოხდა, მისი დედა და ძმა ჩიკაგოში, საკუთარ სახლში დახოცილები იპოვეს. ბრალი ჯენიფერ ჰადსონის დის ყოფილ ქმარს წაუყენეს, რომელმაც ასევე მოკლა მუსიკოსის 7 წლის დისშვილი. ამ ტრაგედიიდან მთელი ერთი წელი ჰადსონი არსად გამოჩენილა. ამ დროს ის სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებოდა დევიდ ოტუნგთან, რომლისგანაც ვაჟი, დევიდ დენიელი შეეძინა. ათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ჰადსონმა მეუღლეს ძალადობაში დასდო ბრალი და სასამართლოს გზით მას შვილზე მეურვეობის უფლება წაართვა.

ჰადსონი ამჯერად მარტო ცხოვრობს და კარიერით არის დაკავებული. 2021 წელს ჰადსონმა მონაწილეობა მიიღო ფილმში Respect, სადაც მან თავის კუმირი, არეტა ფრანკლინი განასახიერა.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები