2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1413 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2 პროცენტით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 281 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (13 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1132 მლნ. აშშ დოლარს (1 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-თებერვალში 852 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 60 პროცენტი შეადგინა.
გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, იანვარ-თებერვალში საქართველოდან ექსპორტი 28%-ით არის შემცირებული ევროკავშირთან, დსთ-ის ქვეყნებთან კი 33%-ით.
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 532 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 38 პროცენტით მეტია.
აქედან ექსპორტი 77 მლნ. აშშ დოლარი იყო (28 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 454 მლნ. აშშ დოლარი (63 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 38 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 28 პროცენტი და იმპორტში 40 პროცენტი (2015 წლის იანვარ-თებერვალში შესაბამისად 27, 33 და 25 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 44 პროცენტი (2015 წლის იანვარ-თებერვალში 22 პროცენტი).
დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ კი 2016 წლის იანვარ-თებერვალში 353 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2015 წელთან შედარებით 18 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 74 მლნ. აშშ დოლარი (33 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 279 მლნ. აშშ დოლარი იყო (12 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 25 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 26 პროცენტი და იმპორტში 25 პროცენტი (2015 წლის იანვარ-თებერვალში შესაბამისად 30, 34 და 29 პროცენტი). 2016 წლის იანვარ-თებერვალში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 24 პროცენტი (2015 წლის იანვარ-თებერვალში 26 პროცენტი).
