საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ფერაძის ორგანიზებით, გათავისუფლების საშიშროების წინაშე მყოფი პედაგოგების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
„ფორტუნასთან“ საუბარში დავით ფერაძე აცხადებს, რომ გამოცდები, რომეილც წელს ჩატარდა იყო არავალიდური, რამაც ბევრი მასწავლებლის ჩაჭრა გამოიწვია.
„გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლების პროფესიის რეგულირების ახალი წესიდან გამომდინარე ჩაატარა გამოცდები და რეგისტრირებული პრაქტიკოსი პედაგოგებისა და ასევე მაძიებლების, რომლებმაც მაჩვენებელი ზღვრული ვერ გადალახეს, მათ 2022 წლის იანვრიდან სკოლიდან გაშვება ემუქრებათ.
ახალ რელსებზე გადასვლის გამო ისინი სამსახურიდან გათავისუფლების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.
არსებობს დადგენილება პრემიერის ხელმოწერით, რომლის მიხედვით ისინი სკოლას იანვრიდან დაემშვიდობებიან.
ფაქტობრივად, უგულებელყოფილია დიპლომი“, – აცხადებს დავით ფერაძე.
კითხვაზე, რა რაოდენობის პედაგოგი ჩაიჭრა, დავით ფერაძე ამბობს, რომ ამ მონაცემს განათლების სამინისტრო ჯერ არ აქვეყნებს.
„ოფიციალურ მონაცემებს არ დებენ. 28 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა გამოცდაზე, (მაძიებლებიც და პრაქტიკოსებიც). ჩემი დაუზუსტებელი ინფორმაციით, უმუშევარი რჩება 7 ათასამდე პედაგოგი.
მაგრამ ალბათ წინასაარჩევნოდ არ ამბობენ უმუშევრად დარჩენილი მასწავლებლების ზუსტ ციფრს“. – ამბობს ფერაძე.
ფერაძე ამბობს, რომ თავად წლების წინ გამოცდა წარმატებით ჩააბარა.
„თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში ვასწავლი. პროფესიით ისტორიკოსი ვარ. 2011 წელს ავიღე ახალი სტატუსი. მაგრამ ამ შემთხვევაში სტატუსი და უსტატუსო არაფერს ნიშნავს. არ ვფიქრობ, რომ ვიღაცაზე მაღალი სტატუსი მაქვს.
როგორც კი მასწავლებლის განვითარების პროფესიული სქემა ამოქმედდა, მაშინვე ვეწინააღმდეგებოდით ამ სისტემას კვლევებით.
მოგვიანებით ალექსანდრე ჯეჯელავამაც შეიტანა ცვლილებები და მიხეილ ბატიაშვილმაც. ახლა უკვე ყველაფერი ამოატრიალეს.
ზოგადად, ადამიანის პროფესიის მთავარი განმსაზღვრელი არის დიპლომი. სახელმწიფო გეუბნება, რომ ჩემს მიერ აღიარებული უნივერსიტეტის დიპლომს არ ვცნობ და თავიდან ჩამაბარე გამოცდა, თუ არადა წადი სახლშიო. სტატუსის ამაღლება ნებისმიერ სფეროში, ეს იქნება მასწავლებლის, თუ სხვა პროფესიის წარმომადგენლის, უნდა იყოს ნებაყოფლობითი.
ოფიცერს ვერ დაავალდებულებ, რომ გახდი გენერალიო, მაგრამ ვერც აუკრძალავ.
მასწავლებლები ამბობენ, რომ არავალიდური იყო და იმ სტანდარტებში არ ჯდებოდა, რაც მასწავლებლებს ევალებათ. გარდა ამისა პანდემიური ფონი იყო და ამის გამო ცოტა სტრესულ სიტუაციაში იყვნენ“. – განაცხადა ფერაძემ „ფორტუნასთან“ საუბარში.
ფერაძის თქმით, მთავარი მოთხოვნაა, რომ მასწავლებლები არ გაუშვან იანვრიდან სახლში და სტატუსის ამაღლება გახდეს ნებაყოფლობითი.
რა ბედი ელით იმ პედაგოგებს, რომელებმაც ვერ გადალახეს კომპეტენციის მინიმალური ზღვარი და განიხილება თუ არა მათთვის კიდევ ერთხელ გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა – ამ შეკითხვით “ფორტუნა” განათლების სამინისტროს დაუკავშირდა – უწყებაში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. მათი ინფორმაციით, საკითხს არეგულირებს საქართველოს მთავრობის № 241-ე დადგენილების 38-ე მუხლი და ამ ეტაპისთვის, არ აკონკრეტებენ იგეგემება თუ არა იმ გადაწყვეტილების გადახედვა, რომელიც 2019 წლის 23 მაისით თარიღდება და რომელსაც ხელს ქვეყნის მაშინდელი პრემიერი მამუკა ბახტაძე აწერს.
„ფორტუნა“ მეცნიერთა და პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელს მაია კობახიძეს დაუკავშირდა.
„ოფიციალურ სტატისტიკით, 6 412 მასწავლებელი გავიდა გამოცდაზე. აქედან საშუალოდ 42%-მა პროცენტმა გადალახა 30 პროცენტიანი ბარიერი ერთი კრედიტისათვის. ანუ დაახლოებით 3 600-მდე მასწავლებელია, ვინც ეს ბარიერი ვერ გადალახა.
პედაგოგთა კომპეტენციების დადასტურების გამოცდების ვადები სამჯერ გახანგრძლივდა: 2015 , 2017 და 2019 წლებში. 2019 წელს მასწავლებლების ბოლო ვადად განისაზღვრა 2020 წლის იანვარი“. – ამბობს მაია კობახიძე სააგენტოსთან საუბარში.
რა შეიძლება იყოს გამოსავალი?
„პრაქტიკოს პედაგოგთა ძირითადი მოთხოვნაა, მიეცეთ გამოცდის ჩაბარების კიდევ ერთი შანსი. ამ საკითხს დავაყენებთ, მაგრამ რამდენად მისაღები იქნება სამინისტროსთვის პასუხი არ მაქვს“. – ამბობს მაია კობახიძე.
ხომ არ შეიქმნება სკოლებში მასწავლებლების დეფიციტი?
„ ამ შემთხვევას კანონი არეგულირებს. სკოლას უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულება გააგრძელოს პრაქტიკოს მასწავლებლებთან, სანამ არ შემოვა სკოლაში უფროსი წამყვანი, ან მენტორი მასწავლებელი, ასეთ შემთხვევაში სკოლაში დეფიციტი არ შეიქმნება.
თანაც, ამ პედაგოგებს აქვთ კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ ზაფხულის გამოცდებზე გავიდნენ, მაგრამ უნდა გადალახოს 60 %-იანი ბარიერი“. – განაცხადა მაია კობახიძემ „ფორტუნასთან“ საუბარში.
შეგახსენებთ, სასერთიფიკაციო გამოცდები საქართველოში 2011 წელს დაწესდა. გადაწყდა, რომ 2012 წელს, ვისაც გამოცდა ჩაბარებული არ ექნებოდა, ყველა სკოლას დატოვებდა.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შემუშავდა განსხვავებული სქემა. იმ პერიოდში საგანთან ერთად მასწავლებლებს უნდა ჩაებარებინა უნარჩვევები, რომელიც ამჟამად მოხსნილია და მასწავლებლები მხოლოდ იმ საგანში აბარებენ საკვალიფიკაციო გამოცდას, რომელსაც ასწავლიან.
