გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იმამურა აკირას შეხვდა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობას და საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ფერმერთა საექსტენციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, სოფლის განვითარების სააგენტოსთვის თანამედროვე ლაბორატორიული ინვენტარით აღჭურვილი ავტომანქანების გადაცემისთვის.
„სამინისტროსთვის პრიორიტეტულია აგრარულ სფეროში დასაქმებული მოსახლეობისა და ფერმერების სასოფლო-სამეურნეო საექსტენციო მომსახურება, მათ საჭიროებებზე დროული რეაგირება, დარგობრივი ცოდნის გაზიარება და ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება. გადმოცემული ავტომანქანები ლაბორატორიული მოწყობილობებითაა აღჭურვილი, რომელთა საშუალებითაც სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურების თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ადგილზე მოახდინონ ფერმერთა საექსტენციო მომსახურება“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრმა ქვეყანაში კოოპერატივების განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ფინანსური მხარდაჭერით ქვეყანაში წარმატებით ხორციელდება გაცვლითი სასწავლო პროგრამები და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები. სააგენტოს სპეციალისტების მიერ იაპონური და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ხელს უწყობს საქართველოში დარგის განვითარებას და, შესაბამისად, ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანია.
იაპონიის ელჩმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქართულ აგროსასურსათო პროდუქციას საერთაშორისო ბაზრებზე დიდი პოტენციალი აქვს. „იაპონია მზად არის, მხარი დაუჭიროს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის ზრდას, რაც მნიშვნელოვანი იქნება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ისე ქართველი ფერმერთათვის პროდუქტის საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტის გაზრდის კუთხით“, – განაცხადა იმამურა აკირამ.
იაპონიის ელჩმა აღნიშნა, რომ დღეს, მსოფლიოში, კლიმატის ცვლილებებთან გამკლავება პრიორიტეტული მიმართულებაა და სათბური აირების ემისიებით ვაჭრობის კუთხით თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
მხარეებს შორის გამართული შეხვედრის ბოლოს, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მიერ ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოსთვის თანამედროვე ლაბორატორიული ინვენტარით აღჭურვილი ავტომანქანების გადაცემის ცერემონია გაიმართა. „ლაბორატორიული ინვენტარით აღჭურვილი ავტომანქანები ხელს შეუწყობს წარმოების ხარისხის ზრდას და, შესაბამისად, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას“, – განაცხადა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივმა წარმომადგენელმა, ჰიროიუკი მორიმ.