იჯეი, ოდრი ნუნა და რეი ამი — Netflix-ის ანიმაციური ფილმის – K-Pop Demon Hunters ვარსკვლავები, რომლებიც ფიქტიური ჯგუფის – HUNTR/X სახელით გახდნენ ცნობილი — წლევანდელი BAFTA-ს სცენაზე წარდგებიან.
მუსიკალური ტრიო ანიმაციის საუნდტრეკს – Golden შეასრულებს.
„BAFTA-ს დაჯილდოებაზე გამოსვლა ნამდვილად „ოქროს მომენტია“ ჩვენთვის — ამაზე ბავშვობაში ოცნებასაც ვერ გავბედავდით. გვეამაყება, რომ Netflix-ის ამ პროექტს წარმოვადგენთ და მის პოზიტიურ მესიჯს მთელ მსოფლიოს ვუზიარებთ“, — ნათქვამია შემსრულებლების განცხადებაში.
სიმღერა Golden ზედიზედ რვა კვირის განმავლობაში ,,ბილბორდის ცხელ ასეულს” ლიდერობდა. გარდა ამისა, კვირას მან „გრემის“ ჯილდოც მოიპოვა კატეგორიაში – „საუკეთესო სიმღერა ვიზუალური მედიისთვის“ და გახდა პირველი K-Pop კომპოზიცია, რომელმაც ეს აღიარება დაიმსახურა.
რაც შეეხება თავად მულტიპლიკაციას, Netflix-ის აპელაციის მიუხედავად, ბრიტანულმა კინოაკადემიამ ის საკონკურსო პროგრამიდან ამოიღო. აშშ-ში ფილმი კინოთეატრებში გამოვიდა, თუმცა ბრიტანეთში პრემიერა პირდაპირ სტრიმინგ პლატფორმაზე შედგა, რაც BAFTA-ს წესებს ეწინააღმდეგება. ამის მიუხედავად, სურათი „ოსკარის“ ნომინანტებს შორის მაინც მოხვდა.
ნომინაციების რაოდენობით ლიდერია პოლ ტომას ანდერსონის One Battle After Another, რომელიც 14, მათ შორის ,,საუკეთესო ფილმის, რეჟისორისა და ადაპტირებული სცენარის” კატეგორიაშია წარდგენილი. მსგავსი წარმატება იქამდე მხოლოდ ისეთ არაინგლისურენოვან ფილმებს ხვდათ წილად, როგორებიცაა: „მეფის სიტყვა“, „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ და „მოახლოებული ვეფხვი, ჩასაფრებული დრაკონი
აღსანიშნავია, რომ 14 ნომინაცია ისტორიაში მეორე საუკეთესო შედეგია — პირველობას კვლავ რიჩარდ ატენბოროს „განდი“ ინარჩუნებს, რომელმაც 1983 წელს 16 ნომინაცია მიიღო.
13 ნომინაცია დაიმსახურა ფილმმა – Sinners. ფილმში მთავარი როლის შემსრულებელ, მაიკლ ბი ჯორდანისთვის ეს კარიერაში BAFTA-ს პირველი ნომინაციაა ,,საუკეთესო მსახიობი მამაკაცის” კატეგორიაში.
Warner Bros-ის ამ ორ სურათს მცირედით ჩამორჩებიან Hamnet და Marty Supreme 11-11 ნომინაციით.
ბრიტანული აკადემიის ფილმების 79-ე დაჯილდოება 22 თებერვალს, ლონდონის Southbank Centre-ში გაიმართება.