LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ილია II-ის პიროვნება განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის…“ – ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილებს მსოფლიო სასულიერო ლიდერები ავრცელებენ

280
სამძიმრის წერილები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილებს მსოფლიო სასულიერო ლიდერები ავრცელებენ. მათ შორის არის კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანეს სამძიმრის წერილი, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოხატავს და მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.

„მწუხარებითა და თანაგრძნობით მივიღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალების ამბავი, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრის, სულიერი ლიდერის, რომელმაც ცხოვრება ღმერთის, ეკლესიისა და ქართველი ხალხის მსახურებას მიუძღვნა“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე აცხადებს, რომ ილია II, მსახურების მრავალი ათწლეულის განმავლობაში, მრავალი მორწმუნის სულიერი წინამძღოლი იყო და ცდილობდა რწმენის განმტკიცებას, ქრისტიანული ტრადიციების შენარჩუნებას და საზოგადოების სულიერ განახლებას სახელმწიფო ათეიზმის წლების შემდეგ.

„ჩვენთვის ასევე დასამახსოვრებელია, რომ მან მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, რომელიც რუსეთის მიერ სრულმასშტაბიან შემოჭრას განიცდის. პატრიარქ ილია II-ის პიროვნება განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის. მისმა მსახურებამ მრავალი ადამიანი შთააგონა, დაეხმარა განსაცდელების დაძლევასა და იმედის შენარჩუნებაში ყველაზე რთულ დროსაც კი, განსაკუთრებით რუსი დამპყრობლების მიერ პროვოცირებული ომების დროს. გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსებს, სასულიერო პირებს და ყველა მორწმუნეს, რომლებმაც დაკარგეს წინამძღვარი, ასევე ქართველ ხალხს, რომლისთვისაც ის არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ნამდვილი სულიერი მამაც იყო“, – წერს კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი:

„ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობა ჩვენი საყვარელი ძმის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. ის იყო თანამედროვე მართლმადიდებლობის ღირსშესანიშნავი სახე და სარწმუნოების მტკიცე აღმსარებელი, რომელიც სიბრძნით უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას როგორც განსაცდელის, ასევე განახლების პერიოდში. რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის, სასულიერო პირებისა და მორწმუნეების სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებს და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მარადიული იყოს მისი ხსოვნა!“ – ნათქვამია წერილში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მწუხარებას გამოთქვამს ჰელსინკისა და სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსი ელია:

„საქართველოს პატრიარქი ილია მეორე აღესრულა. მარადიული ხსოვნა“, – წერს მთავარეპისკოპოსი ელია.