LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმდენად დიდი სისულელეა, მგონია ივანიშვილმა დაწერა“ – როგორ ეხმაურება ოპოზიცია „ქართული ოცნების“ განცხადებას

236
ოპოზიცია „ქართული ოცნების“ განცხადებაზე

მმართველი გუნდის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და “ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტიის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადების მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციირებას გეგმავს, ოპოზიცია ეხმაურება.

„საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, დავაინიცირებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება“ – „ქართული ოცნება“

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება ასხივებს დამარცხების შიშს, რომელიც იკითხება ყველა ხაზს შორის“.

„არათუ საკონსტიტუციო უმრავლესობა, არამედ იციან, რომ ისტორიულ მინიმალურ შედეგზე გავლენ. ახლა, სასოწარკვეთილად ცდილობენ მოუწოდონ ხალხს, რომ ქუდზე კაცი გამოვიდეს არჩევნებზე. იმ გაღატაკებულ ქართველ ხალხს მოუწოდებენ, რომელსაც ევროპული მომავალი წაართვეს, იმ ხალხს, საიდანაც 1 მილიონი აქცია ეკონომიკურ ლტოლვილად, აიძულა ქვეყნიდან გაქცეულიყო.

დღეს გამდიდრებული კორუმპირებული რუსული რეჟიმი ერთადერთი, რასაც ხალხს ჰპირდება, არის წინა ხელისუფლების გასამართლება და ოპოზიციის გაუქმება.

ეს ქართველ ხალხს აჩვენებს, რომ ქვეყანას მმართავს გაკოტრებული, რუსული რეჟიმი.

თუ უნდათ სახელმწიფოს გადარჩენა პუტინის რუსეთისგან, 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ უნდა მისცენ ხმა.ზოგადად, ეს განცხადება, ტექსტი იმდენად დიდი სისულელეა, რომ მგონია ივანიშვილმა დაწერა“,- აღნიშნა სამადაშვილმა.

„ქართული ოცნების“ განცხადების კომენტირებისას “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს ძალაუფლების შენარჩუნება სურს „იმისთვის, რომ ბოლომდე იყვნენ კორუფციაში ჩაფლული, მილიონებს შოულობდნენ, ხოლო ხალხი აქ ვინც რჩება, გაღარიბდეს, ვინც გაასწრებს ქვეყნიდან, გავიდეს – ჩვენი ვალია, გავერთიანდეთ“.

როგორც მანვე აღნიშნა, ყველა საკითხს, რაზეც შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა შიშები, ფობიები, რაც შეიძლება საარჩევნო პროცესებს უკავშირდებოდეს, ნებისმიერ მანიპულაციას, თემას ეს ადამიანები გამოიყენებენ რამდენიმე დამატებითი ხმის მოსაზიდად.

„ისედაც არიან რუსეთის, ჩრდილოეთ კორეის, ირანისა და ბელარუსის ბანაკში მოთავსებულები და სამწუხაროდ, აქეთ მიაქანებენ ქართულ სახელმწიფოს, რაც ნამდვილად არ გამოვა, რადგან 26 ოქტომბრამდე ცოტა დრო დარჩა და დასრულდება მათი ხელისუფლებაში ყოფნა. ისინი უბრალოდ ვერ მოასწრებენ და არ გამოუვათ!

ერთი რაღაც უნდა ესმოდეთ, ასეთ განცხადებას როცა აკეთებენ, მათ მთავარი ამბავი არ ესმით. პარტიები, იგივე „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის საბუთები, წესდება და იუსტიციაში გატარებული და რეგისტრირებული დოკუმენტაცია, ეს არის იდეა, ხალხი, ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, განვითარებისთვის, უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, ხალხისთვის დოვლათის მოტანისთვის, ინვესტიციების მოზიდვისთვის. „ნაციონალური მოძრაობის“ რეფორმები, რომელიც 8-9 წლის განმავლობაში გატარდა 2003 წლიდან მოყოლებული, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და საქართველო უნდა შემობრუნდეს ევროატლანტიკურ ტრაექტორიაზე. ჩვენ უკვე დავკარგეთ 12 წელი, უკვე ჩავეფალით სიღარიბეში, უკვე აუტანელია ემიგრაციის ის დონე, რაც საქართველოდან ხალხის გადინებას უკავშირდება. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს და ეს ყველაფერი უნდა შემობრუნდეს ევროატლანტიკურ განვითარების ტრაექტორიაზე 26 ოქტომბერს.

„ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს არის „ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამა, რასაც შეიძლება გამოცხადებული ღალატის პროგრამა უწოდო.

„პირდაპირ არის თავდასხმა როგორც ჩვენ დასავლელ პარტნიორებზე, ასევე ზოგადად ოპოზიციაზე, რომელიც თურმე იმართება ამერიკისა და ევროკავშირის მიერ. ასეთი ტექსტით დღეს ლუკაშენკოც კი არ ლაპარაკობს. თანაც ოპოზიციის გასანადგურებლად და შემდეგ მათი მიზნების მისაღწევად საკონსტიტუციო ცვლილებების გატარების სახით მათ სჭირდებათ თურმე საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება.

ყველა დეტალი, თუ რისთვის სჭირდება “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა, ასევე შეიძლება ქვეყნის ღალატად დახასიათდეს. მაგალითად, საუბარია თურმე აფხაზეთთან ურთიერთობის დამყარებაზე, რომელსაც სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება.

რა ცვლილება უნდა სჭირდებოდეს აფხაზეთთან ურთიერთობის დამყარებას? ფაქტობრივად, ალბათ, იგულისხმება კონფედერაცია – აღიარონ აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო თურმე შეიძლება კონსტიტუციურად კონფედერაციულ ერთეულში გაერთიანდეს, საიდანაც გამოყოფა ელემენტარულია – ვიცით რა კონფედერაციის შინაარსი. ისევე როგორც თურმე საკონსტიტუციო უმრავლესობა სხვა გადაწყვეტილებების შესახებაც სჭირდებათ.

ალბათ, იგულისხმება, მაგრამ ჯერ არ ამბობენ, რომ კონსტიტუციიდან ამოღებული იქნას ის მუხლები, რომელიც ჩვენს ხალხს გარანტიას აძლევს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისა. “ქართული ოცნება” პირდაპირ რუსეთის დავალებით მოქმედებს. მათი ეს განცხადება არის დასავლეთისაგან ქვეყნის ჩამოცილებისა და რუსეთში ინტეგრაციის პროგრამა. ეს ხელისუფლება უკვე უკიდურესად საშიში გახდა და ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა არის ამ მოღალატე რეჟიმის გასტუმრება პოლიტიკურ საიქიოში არჩევნების გზით”, – აღნიშნა გოცირიძემ.

„ქართული ოცნება“- „26 ოქტომბერს გამოვიდეთ ქუდზე კაცი, საქართველოს ბედი ჩვენ ხელშია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ“

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება კონსტიტუციის ცვლილება, რათა მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში – „ქართული ოცნება“

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია იმ ძირითად პუნქტებზე, რისთვისაც სჭირდება მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე მათ მიერ დაინიცირდება სამართლებრივი პროცესი, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება“.

გარდა ამისა, როგორც მმართველი პარტია აღნიშნავს, რამდენიმე საკითხში, რომელთა მიმართებაშიც საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას გეგმავს, ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული საკითხიც არის.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება, რათა საქართველოს მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში“.

გია ხუხაშვილი: „ქართული ოცნება“ ისტერიკაშია – „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ გასასამართლებლად 12 წელი ჰქონდათ, ახლა კი ხანდაზმულობის ვადა დიდი ხანია გასულია – არ მგონია, ვინმემ ეს სისულელე „შეჭამოს“

magti 5g