LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იქნება თუ არ იქნება მეორე ტალღა, მზად უნდა ვიყოთ: თუ კარგად დავიცავთ წესებს, დამატებითი შეზღუდვები არ დაწესდება” – გამყრელიძე-იმნაძის ბრიფინგი

178
103272805-1705544522916778-2868070926922844578-o

პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობაში შექმნილი საკოორდინაციო საბჭო დადგენილებას მოამზადებს, რომელიც განსაზღვრავს დამატებით იმ ადამიანთა ჯგუფებს, რომლებსაც ტესტირება ჩაუტარდებათ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანაში ტესტების საკმარისი მარაგია, თუმცა მომდევნო თვეებში დამატებით შევსებას ელოდებიან. ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას კიდევ ერთხელ, სიფრთხილისკენ და პირველივე სიმპტომების გამოჩენისთანავე შესაბამის დაწესებულებებისთვის მიმართვისკენ მოუწოდებს.

„მომზადდა მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვით განისაზღვრება ადამიანთა კიდევ დამატებითი ჯგუფები, ვისთვისაც მოლეკულური ტესტირების ჩატარება აუცილებელი იქნება, რათა ჩვენ ინფექციის გავრცელებისგან მაქსიმალურად დაზღვეული ვიყოთ. ამისთვის გარკვეული მარაგები ქვეყანაში არსებობს. ასევე ვიცით, რას ველით ივნისში, რამდენი გვაქვს კიდევ შეკვეთილი ივლის-აგვისტო-სექტემბერში და როგორ ვაძლიერებთ ჩვენ მატერიალურ ტექნიკურ ბაზას და სიმძლავრეებს. ნუ მივეცემით ილუზიას, რომ ჩვენ კოვიდი დავამარცხეთ. კორონავირუსი ქვეყანაში ცირკულირებს და ჩვენ მასთან თანაცხოვრებას უნდა მივეჩვიოთ. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ და პირველივე სიმპტომების: ტემპერატურის, ხველის, სუნთქვის გაძნელების და სხვა რესპირატორული სიმპტომების გამოვლენისთანავე დავრეკოთ 112-ზე, დავურეკოთ ოჯახის ექიმს ან პირდაპირ მივიდეთ ცხელების კლინიკებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე ისაუბრა ვირუსის შესაძლო მეორე ტალღაზე და განმარტა, რომ ქვეყანამ სერიოზული გამოცდილება მიიღო, ამიტომ ის ვარაუდობს, რომ მომდევნო ტალღას ქართული ჯანდაცვის სისტემა უფრო მომზადებული შეხვდება.

„საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაზე მეორე, მესამე ტალღაზე სერიოზულად მიდის საუბარი. მოგეხსენებათ, ეს რესპირაციული ვირუსი გახლავთ და ნებისმიერი რესპირაციული ვირუსი აქტიურდება ცივი სეზონის დადგომასთან დაკავშირებით. იქნება თუ არ იქნება მეორე ტალღა, უფრო ძლიერი მზადყოფნის რეჟიმი, ვიდრე იანვარში გვქონდა, აუცილებელია. ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ, სერიოზული გამოცდილება მივიღეთ ამ 5 თვის განმავლობაში. ეს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ, რომ თუ მეორე ტალღა იქნება, მომზადებული შევხვდეთ. ადვილად გადავიტანთ ამ მეორე ტალღას და საკმაოდ სერიოზული გამოცდილება შეიძლება გამოვიყენოთ ამისთვის. გაძლიერებული მზადყოფნა აუცილებელია და მომავალი 4 თვე ამისთვის უნდა იქნას გამოყენებული. გადამზადება, მარაგების მუდმივი შევსება, ტესტირების გაფართოება, აუცილებელია, რომ მზადყოფნის რეჟიმში ვიყოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე ისაუბრა პანდემიის მსოფლიო სტატისტიკაზე და საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე. გამყრელიძე აცხადებს, რომ 15-მდე დადასტურებული ახალი შემთხვევების დაფიქსირება საგანგასო არ არის, ვინაიდან ქართული ჯანდაცვის სისტემა სიტუაციას აკონტროლებს, თუმცა მისივე თქმით შემასფოთებელია ბოლო 24 საათში გამოვლენილი 4 შემთხვევა, სადაც წყარო ჯერ კიდევ უცნობია. ცენტრის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში ეპიდემიოლოგების მიერ აღნიშნული პაციენტების პირველწყარო დადგინდება.

საქართველოში შესაძლო მეორე ტალღაზე ისაუბრა ბრიფინგზე პაატა იმნაძემაც და განმარტა, რომ 1918 წლიდა მსოფლიომ 2 პანდემია გადაიტანა და ორივეს შემთხვევაში მეორე ტალღა დაფიქსირდა. ამიტომ, იმნაძის ვარაუდით, კორონავირუსის მეორე ტალღა შესაძლებელია. მან მოსახლეობას მოუწოდა დაიცვან ყველა ის წესები, რომელიც კოვიდის პრევენციისთვის არის დაწესებული.

“მესმის, რომ პირბადის ტარება დისკომფორტია, მაგრამ რაც უფრო მეტად დავიცავთ წესებს, არ იქნება რისკები და შესაბამისად არც ზედმეტი შეზღუდვები დაგვჭირდება”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g