LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იქს ფაქტორის“ თამამი კონკურსანტი, რომელიც სტეფანეს მაგიდაზე აუძვრა – „ცხოვრება ნულიდან დავიწყე…“

171

მუსიკალური მეგაშოუ „იქს ფაქტორი“ რუსთავი 2“-ზე მალე დაიწყება. პირველი გადაცემა ეთერში 10 აპრილს გავა. თქვენთან შესახვედრად არაერთი საინტერესო სახე ემზადება. შოუს სოციალური გვერდი ძალიან აქტიურია. ჩვენი ყურადღება მიიპყრო „იქს ფაქტორის“ ოფიციალურ გვერდზე დადებულმა ფოტომ, სადაც ერთ-ერთი მონაწილე გოგონა სტეფანე მღებრიშვილს მაგიდაზე აუძვრა.

ეს მომღერალი სალი მირიანაშვილი გახლავთ. როგორც თავად გვითხრა, საქართველოში 17 წლიდან არც ერთი მუსიკალური კონკურსი არ დაუტოვებია, თუმცა აქამდე დიდ სცენაზე გამოსვლის საშუალება არ ჰქონია.

სალი მირიანაშვილი:

სტეფანესა და ჩემს ამბავში საიდუმლოა ჩადებული (იცინის). 2013 წელს „ვოისში“ გამოვდიოდი. ბრმა კასტინგზე რომ ვიმღერე, შემდეგ მეუბნებოდნენ, რომ სტეფანესაც და ლელა წურწუმიასაც უნდოდათ ხელის დაჭერა ღილაკზე, მაგრამ ბოლოს აღარ დააჭირეს. როცა შემოტრიალდნენ, სტეფანემ მითხრა, ძალიან მაგარი გოგო ხარ, მაგრამ მაღალ ნოტებს კარგად ვერ მიწვდიო. ეს შენიშვნა გავითვალისწინე, ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე. მინდოდა ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი მეჩვენებინა… როცა „იქს ფაქტორზე“ გამოვდიოდი, ეს მომენტი გამახსენდა და ამიტომაც მივეჭერი სტეფანეს, ჩავაფრინდი და ისე დავასრულე სიმღერა. სიმღერის დროს მანიშნებდა, მაღალი ნოტები აიღეო და რომ ავიღე, გაუსწორდა და აღნიშნა, რომ ძალიან მოეწონა. თვითონაც ამყვა. ანასტეიშას ცნობილი სიმღერა „I’m Outta Love“ შევასრულე.

სტეფანემ გიცნო?

ვერ მიცნობდა, რადგან „ვოისში“ გამოსვლისას კარე მქონდა და თმა წითლად შეღებილი. განსხვავებული იმიჯი მქონდა.

„ვოისის“ გარდა სხვა პროექტებში მიგიღია მონაწილეობა?

17 წლიდან არც ერთი პროექტი არ დამიტოვებია საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერ დიდ სცენაზე ფეხი არ დამიდგამს. ახლა 29 წლის ვარ, გავთხოვდი, ორი შვილი შემეძინა, მერე პირად ცხოვრებაში პრობლემები მქონდა, ქმარს გავშორდი და ახლა ისევ მოვინდომე კონკურსზე გამოსვლა.

 რა მიზანი გაქვს?

„იქს ფაქტორში“ ყველამ იცის, რომ მე ვარ ყველაზე მებრძოლი კონკურსანტი. ამ პროექტში გამარჯვებისთვის მოვედი. ჩემს შვილებთან ერთად ახალ ბინაში მინდა ცხოვრება და ეს არის ჩემი მიზანი. ახლა ჩემი შვილები კახეთში ჩემს მშობლებთან იზრდებიან, მეუღლესთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. თბილისში ვცხოვრობ, ვშრომობ, ორ რესტორანში გამოვდივარ, გარდა ამისა კლუბებშიც… არ მინდა ვინმეს ზედმეტ ტვირთად დავაწვე და ძალიან ბევრს ვშრომობ რომ ყველაფერს თავად მივაღწიო. ფაქტობრივად, ცხოვრება ნულიდან დავიწყე…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g