პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი აბსურდულს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან პარტია დატოვა. როგორც ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა, განაგრძობს მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე მუშაობას.
„მინდა გამოვეხმაურო ამ აბსურდულ ცილისწამებას, ბრალდებებსა და ტყუილს, რომელიც საზოგადოებამ იხილა ბოლო დღეების განმავლობაში. ჩვენ განცხადებაც გავავრცელეთ. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე თურმე პროტესტის ნიშნად დავტოვე პარტია, გუნდს გავემიჯნე, რაღაც გავაპროტესტე და მით უმეტეს კრიზისის დროს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე იყო ძალიან დიდი გამოწვევები, თითქოს ამ ფონზე დავტოვე პარტია. ეს არის აბსურდი. მე ვინც მიცნობს და მგონი ყველა კარგად მიცნობს, ეს არ არის ჩემი ხელწერა. მე მაქვს ჩემი წესები, პრინციპები. ამ წესებით ვცხოვრობ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება და ამ წესებს არასოდეს გადავუხვევ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ჭორიკანა „დედაკაცივით“ დეზინფორმაციას ავრცელებ“ – ღარიბაშვილის ცოლისძმა გიორგი ბაჩიაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
ღარიბაშვილის ცოლის ძმა ალექსანდრე თამაზაშვილი გიორგი ბაჩიაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გუშინ, დილით ღარიბაშვილი ტრავმატოლოგიურში იმყოფებოდა, დეზინფორმაციას უწოდებს.
ამასთან, ღარიბაშვილი აბსურდულს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს ის მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს კლინიკაში. როგორ მან აღნიშნა, მხარი ვარჯიშის დროს დაიზიანა და სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლევებზე იმყოფებოდა.
„მე ასევე მინდა გამოვეხმაურო იმ აბსურდულ, ამაზრზენ ტყუილს, რომელიც გააჟღერა ერთ-ერთმა არარაობამ, არ მოვერიდები ამის თქმას და მოღალატე ბაჩიაშვილმა და მისმა მსგავსმა მოღალატე გახარიამ. იცით რა, მე მეუხერხულება… ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს იმის საჭიროება რომ ექიმთან მივიდეს, რაღაც ძალიან მსუბუქი დაზიანება მივიღე ვარჯიშის დროს და ამაზე ამხელა სკანდალი და ამაზრზენი, შეურაცხმყოფელი ტყუილები მოიგონეს. ამიტომ, ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი ტყუილი,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.