LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ზარქუა: „მივმართავ მშობლებს: უსამშობლოების პატრონები უტიფრად იყენებენ თქვენს შვილებს, რომ გააბრიყვონ და შემდეგ ძალადობისკენ უბიძგონ, მოიკითხეთ თქვენი შვილები, სად არიან, ვინ ამზადებს და რისთვის, მერე გვიან იქნება“

150
ირაკლი ზარქუა

„ცნობილი ხდება, რომ თურმე, ამ უსამშობლოების პატრონები აფინანსებენ ევროპულ ქვეყნებში ჩვენს ახალგაზრდებს, რომ მორიგ ჯერზე გააყოფინონ თავი დანაშაულში, შეცდომაში შეიყვანონ და ეს ახალგაზრდები გამოიყენონ თავიანთი ინტერესებისთვის, რათა აქ ქაოსი და არეულობა იყოს“, – ასე ეხმაურება პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს“.

ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს, მოქალაქეებს მიმართა, „მოიკითხონ საკუთარი შვილები, სად არიან, ვინ ამზადებს და რისთვის“.

„ამჯერად, ინფორმაცია გულისხმობს, რომ თურმე, ლიეტუვაში ფინანსდება ბრიტანეთის საელჩოს მხრიდან და ჩვენი ახალგაზრდების გადამზადება ხდება, ისევ ქუჩის აქციებისთვის, სახელმწიფო უწყებებზე შტურმისთვის, პოლიციასთან შეტაკებისთვის. ჩვენ ამის შესახებ არა ერთხელ გავაფრთხილეთ მშობლები, ნუ გამოაყენებინებთ თქვენს შვილებს ამ უსამშობლოებს.

ახლაც მოგმართავთ მშობლებო, მოიკითხეთ თქვენი შვილები. ისინი იტყუებიან, თითქოსდა, მათ ცოდნას აძლევენ, სინამდვილეში, ამ საფარქვეშ ამზადებენ მოძალადეებს. ნუ გამოაყენებინებთ თავს, დაიცავით თქვენი შვილები. ჩვენ გასულ წელს ვაფრთხილებდით მშობლებს და მივიღეთ შედეგი, მშობლები, რომლებიც დგანან გარეთ, ტირიან და მოთქვამენ. არავის გვიხარია როდესაც მათი შვილები, ეს ახალგაზრდები, ჩვენი მოქალაქეები ასეთ დღეში არიან, მაგრამ არის სახელმწიფო, კანონმდებლობა და სახელმწიფო ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს.

ნუ აიძულებთ სახელმწიფოს, რომ თქვენს შვილებზეც ანალოგიური რეაგირება მოახდინოს. გამორიცხულია, აქ რევოლუცია არ განხორციელდება, ამის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ ამ უსამშობლოების პატრონები უტიფრად იყენებენ თქვენ შვილებს, რომ ახალგაზრდები გააბრიყვონ და შემდეგ ძალადობისკენ უბიძგონ, ნუ დაუშვებთ ამას. მოიკითხეთ თქვენი შვილები, სად არიან, ვინ ამზადებს და რისთვის, მერე გვიან იქნება“, – თქვა ირაკლი ზარქუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g