„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენი სასამართლო რეფორმირებულია, ჩვენი სასამართლო განვითარების სწორ გზაზე დგას“, – ასე ეხმაურება პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, დაუშვებლად გამოაცხადა ის საჩივრები, რომლებიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხზე იყო შეტანილი [საჩივრები – „ფირცხალავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“; „გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“].
ირაკლი ზარქუას სიტყვებით, „კიდევ ერთხელ მისასალმებელია, რომ ერთი ერთში იმეორებს სტრასბურგი იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც საქართველოს სასამართლო იღებს“.
„სარჩელი, რომელიც რობაქიძის თემას უკავშირდებოდა, საერთოდ განხილვაშიც კი არ მიიღო. ყველა გახმაურებული თემა, რომელიც თავის დროზე „რუსთავი 2-ს“, ნიკა გვარამიას, სააკაშვილს ეხებოდა, სტრასბურგის სასამართლომ ის გადაწყვეტილება დატოვა ძალაში, რომელიც საქართველოს სასამართლო სისტემამ მიიღო. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენი სასამართლო რეფორმირებულია, ჩვენი სასამართლო განვითარების სწორ გზაზე დგას.
ბუნებრივია, არის გამოწვევები და ამ გამოწვევებთან დაკავშირებითაც ყოველთვის იქნება რეფორმა. ასე რომ, კიდევ ერთხელ მისასალმებელია, რომ ერთი ერთში იმეორებს სტრასბურგი იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც საქართველოს სასამართლო იღებს”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
