უწერაში მდებარე კოტეჯების – „ჰაერის“ დამფუძნებელი გენო თაყაძე რაჭაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და ამბობს, რომ დღეს რეგიონში მთავარ გამოწვევად რჩება ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების მოწესრიგება, რის გამოც რაჭა სხვა რეგიონებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
„გვაქვს კომუნიკაცია ადგილობრივ მთავრობასთან ამ საკითხზე, მათ იციან აღნიშნული პრობლემების შესახებ, მაგრამ ის, რასაც მთავრობა აკეთებს რაჭაში, არ არის საკმარისი. არ გვაქვს საჭირო რაოდენობის სასტუმროები, არც მისასვლელი გზებია მოწესრიგებული, კომუნიკაციები გასაყვანია. თუკი ეს პრობლემები არ მოგვარდა, ჩვენ ვერ შევძლებთ ვუმასპინძლოთ სრულფასოვნად სტუმრებს,” – განაცხადა გენო თაყაძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ საუბრისას.
მან იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზის სიკეთეებზეც ისაუბრა, რომლითაც თბილისიდან რაჭაში ჩასვლა სამ საათში გახდა შესაძლებელი და თქვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც აქამდე უარს ამბობდნენ რაჭაში მოგზაურობაზე სწორედ გზის გამო, ახლა თავისუფლად ჩამოდიან.
„სამ საათში სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ, ახალი გზის საშუალებით რაჭაში ჩამოვიდნენ და ეს ფაქტი დაეტყო უკვე ჯავშნების რაოდენობას. დღეს აქაურობა გაცილებით დინამიკური და ხალხმრავალია, ვიდრე აქამდე იყო,” – აღნიშნა გენო თაყაძემ „საქმიან დილაში“ საუბრისას.